ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში განახლებული მოდელის საარჩევნო კაბინებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენებენ. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, ამ კაბინებით, ერთი მხრივ, ხმის მიცემის ფარულობაა გარანტირებული, მეორე მხრივ კი მცირდება დარღვევების რისკები.

საუბარია ახალი ტიპის საარჩევნო კაბინებზე, რომლებშიც ჩანს, როგორ აძლევს ამომრჩეველი ხმას, თუმცა არ ჩანს უშუალოდ ბიულეტენი და ის, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს ხაზავს ის.

"მეორე ტურებისთვის არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც კი ტარდება მეორე ტურები, გამოყენებული იქნება ე.წ. რემოდელირებულოი და რეკონსტრუქტირებული კაბინები.

ერთი მხრივ ეს კაბინები უზრუნველყოფს იმ ფუნდამენტური საკითხს, იმ მნიშვნელოვანი საკითხის, იმ მნიშვნელოვან საკითხის, რასაც ჰქვია ხმის ფარულობის გარანტიების უზრუნველყოფას და მეორე მხრივ, როგორც ჩვენ კომისიის წევრებისგან მოვისმინეთ, ასევე, ჩვენი თხოვნის საფუძველზე მივიღეთ გარკვეული უკუგება ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებიდან — მართლაც აზღვევდა ეს იმ რისკებს, რომელიც, გარკვეულწილად, რაღაც მანიპულაციებს უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღების განხორციელება, რაც აკრძალულია და ასევე, გარკვეულწილად, ეს საკითხები, რომლებიც ბიულეტენების ცირკულირებას უკავშირდება", — განაცხადა კალანდარიშვილმა.

ამ ტიპის კაბინები 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პირველად, საპილოტე პროექტის სახით თბილისის საარჩევნო უბნებში გამოიყენეს. ეს მოდელი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციური პარტიების კვოტით არჩეულმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ წარადგინა. სიორიძის განცხადებით, ამგვარი კაბინები საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეტანისა თუ უბნიდან გატანისა, ასევე ფოტოგადაღების შესაძლო შემთხვევებს ბოლომდე ვერ გამორიცხავს, თუმცა რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.