დეპრესია ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, მას ხშირად 21-ე საუკუნის ეპიდემიასაც ეძახიან. კვლევების თანახმად, ის ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს, შედეგად ყოველწლიურად შრომისუუნარო ხდება 200 მილიონამდე ადამიანი.

ამის მიუხედავად, დეპრესიის დადგენა არ არის მარტივი. მეტიც, ფსიქიკური პრობლემების მქონე 50% საერთოდ არ მიმართავს სპეციალისტს. ეს დიაგნოსტიკას და დაავადების შემდგომი გამწვავების პრევენციას კიდევ უფრო ართულებს. სპეციალისტისთვის მიმართვისა და დაავადების დადგენის შემთხვევაშიც არსებობს შემდეგი გამოწვევა — დეპრესიის დონე. დეპრესიის მრავალი დონე არსებობს და სწორად სამკურნალოდ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დეპრესიის დიაგნოსტიკა დიდ გამოწვევად რჩება, რადგან სიმპტომები სხვადასხვა შემთხვევებში განსხვავებულად ვლინდება

სწორედ აქ ერთვება საქმეში ტექნოლოგიები, უფრო კონკრეტულად კი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის ზოგადი ემოციური მდგომარეობის დადგენა ხმაზე დაკვირვებით შეუძლია. მსგავსი სისტემის შემუშავება რთულია და მასზე მოწინავე ქვეყნების მეცნიერები/ინჟინერები მუშაობენ. სწორედ ამ სფეროშია ქართული სტარტაპი — Ensofy.

Ensofy დეპრესიის სკრინინგისა და მონიტორინგის ტექნოლოგიებზე მუშაობს. ისინი ამ ინსტრუმენტებს Voice-AI-ის ტექნოლოგიის გამოყენებით ამუშავებენ. ეს როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომპანიებს თანამშრომელთა მენტალური ჯანმრთელობის მონიტორინგში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

სულ ცოტა ხნის წინ Ensofy ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 100 000 ლარიანი გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. მე ირაკლი ლეჟავას ვესაუბრე, სტარტაპის თანადამფუძნებელს და დავინტერესდი თუ როდის და რატომ შექმნა Ensofy.

ფოტო: GITA

"დაახლოებით 1 წლის წინ შევქმენით მენტალური ჯანრმრთელობის პლატფორმა ფსიქოთერაპევტებთან ერთად. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევდა ორგანიზაციებსა და დამსაქმებლებს, ეზრუნათ თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე. იმ ეტაპზე უკვე ვიცოდით, რომ კომპანიებში თანამშრომლების დიდი ნაწილი განიცდიდა პროფესიულ გადაწვას (job burnout), რაც ხშირად დეპრესიაში იზრდება", — მითხრა ირაკლიმ.

ირაკლის თქმით, პანდემიის ფონზე ადამიანებში დეპრესიის მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება. შესაბამისად, თანამშრომლების გაუარესებული ფსიქიკური მდგომარეობა კომპანიებზეც აისახა.

"კომპანიებს ძვირი უჯდებოდათ თანამშრომლების დაბალი პროდუქტიულობა, ან შემდგომში მათი დაკარგვა. ჩვენ დავინახეთ, რომ კომპანიები უკვე იყენებდნენ სხვადასხვა პროგრამებს თანამშრომლების მენტალური ჯანრმთელობის გასუმჯობესებლად, მათ შორის ფსიქოლოგების დახმარებას. თუმცა, რეალურად, ამ პროგრამებს თანამშრომლების ძალიან პატარა ნაწილი მიმართავს. რეალური პრობლემა რაც დიდ კომპანიებსა და დამსაქმებლებს აქვთ არის ის რომ მათ არ იციან თანამშრომლების რა ნაწილი განიცდის ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ვის სჭირდება დახმარება. არსებული მიდგომები ძალიან ზოგადია და მოითხოვს, კომპანიის თანამშრომელი თვითონ მივიდეს ზედამხედველთან/დამსაქმებელთან და მოითხოვოს დახმარება, რაც ბევრი მიზეზის გამო ძალიან იშვიათად ხდება", — ამბობს ირაკლი.

სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც ირაკლიმ Ensofy-ის საჭიროება დაინახა. Ensofy-ის პროდუქტი დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, ზუსტად იცოდეს თანამშრომლებში ვის სჭირდება დახმარება და რა ნაწილს აწუხებს რეალურად დეპრესია. ირაკლიმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს მიდგომა უზრუნველყოფს კომპანიების კონფიდენციალურობას და თანამშრომლების პირად სივრცეს, რასაც არსებული მიდგომები ვერ ახერხებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ირაკლის და ივერი ფრანგიშვილის (სტარტაპის თანადამფუძნებელს) ციფრული ჯანდაცვის და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ. ამასთან, ბოლო 5 წელი ირაკლი მუშაობდა დიაგნოსტიკურ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან ონკოლოგიის, კარდიოლოგიისა და ნევროლოგიის მიმართულებით.

"ამ მიმართულებებით უკვე არსებობს შესანიშნავი და ზუსტი ტექნოლოგიები და პროდუქტები, რომლებიც საშუალებას აძლევენ ექიმებს და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლებს ზუსტად იცოდნენ რა პრობლემის წინაშე დგანან მისი პაციენტები თუ კლიენტები. მაგალითად, ნევროლოგებს უკვე შეუძლიათ ძალიან მაღალი სიზუსტით დაადგინონ აქვს თუ არა ადამიანს ალცჰაიმერი ან პარკინსონი ამ ტექნოლოგიების საშუალებით, რაც წარსულში შესაძლებელი არ იყო.

ამ სფეროებთან შედარებით, სამწუხაროდ მენტალური ჯანმრთელობის დიაგნოსტიკის კუთხით არ ყოფილა მსგავსი მასშტაბების ინოვაციები ბოლო 20-30 წლის განმავლობაში. შესაბამისად, არსებული დიაგნოსტიკური მიდგომები საკმაოდ მოძველებული და შედარებით არაზუსტია. ჩვენი სამომავლო ხედვა არის რომ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც არსებულ დიაგნოსტიკურ სტანდარტებთან შედარებით უფრო მაღალი სიზუსტით დაადგენს ადამიანში სხვადასხვა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემას", — მითხრა ირაკლიმ.

გაჩენის მომენტიდან, ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ვითარდება, მან თითქმის ყველა სფეროში შეაღწია. დღევანდელი მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის გარეშე წარმოუდგენელია და როგორც ვხედავთ, ის ახლა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც იწყებს. ჩემთვის საინტერესო იყო თუ როგორ მუშაობს Ensofy-ის სისტემა და რა არის Voice-AI ტექნოლოგია.

ირაკლის თქმით, ისინი იყენებენ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მოდელს, რომელიც ინდივიდის ხმაში დეპრესიის ამოცნობას ცდილობს და რაოდენობრივად აფასებს სიმპტომებს რეალურ დროში.

"ჩვენი Voice-AI დაფუძნებულია ამ სფეროში წამყვან ნერვული ქსელის მოდელზე და სპეციალურად არის გაწვრთნილი ხმაში დეპრესიის სიმპტომების გამოსავლენად. ინსტრუმენტი აანალიზებს მონაცემებს, როგორიცაა ხმა და მეტყველების ინტენსივობა, რის მიხედვითაც რაოდენობრივად ფასდება რამდენად გადაღლილია თუ დასტრესილია ინდივიდი. მთლიანობაში მსგავსი მონიტორინგი უზრუნველყოფს ინდივიდის ფსიქიკური კეთილდღეობის ობიექტურ და საიმედო შეფასებას“, — ამბობს ირაკლი.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ Ensofy თანამშრომლების კონფიდენციალურობას დიდ ყურადღებას აქცევს და ხმის ანალიზისთვის მხოლოდ მოკლე აუდიოჩანაწერის გაგზავნაც საკმარისია.

ამის ფონზე, საინტერესოა თუ რამდენად ჰყავს Ensofy-ის კონკურენტები, თუ ანალოგები საქართველოსა და უცხოურ ბაზარზე და რა არის ამ მხრივ მათი უპირატესობა. ირაკლი ამაზეც მესაუბრა.

"ამ ეტაპზე საქართველოში პირდაპირი კონკურენტები არ გვყავს, თუმცა ბაზარზე უკვე არიან საკმაოდ ინოვაციური სტარტაპები, რომლებიც ხმის ანალიზის საფუძველზე სხვადასხვა პრობლემებს ჭრიან. მათ ჩვენ უფრო პოტენციურ პარტნიორებად ვხედავთ ვიდრე კონკურენტებად.

რაც შეეხება საერთაშორისო მასშტაბებს, კონკრეტულად ამერიკაში უკვე არის სტარტაპები, რომლებიც ანალოგიურ პროდუქტებს ქმნიან. მათგან განსხვავებით ჩვენი მიდგომა არ აანალიზებს უშუალოდ დიალოგს, ანუ სიტყვებს და წინადადებებს, არამედ ჩვენთვის საკმარისია უბრალოდ აუდიოჩანაწერი, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის და კლიენტის კონფიდენციალურობას. დღევანდელ გარემოში, სადაც ინფორმაციის დაცულობა ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის და მომხმარებლებისთვის, ვფიქრობთ რომ ჩვენი მიდგომა საკმაოდ დიდ უპირატესობას გვანიჭებს კონკურენტებთან შედარებით", — ამბობს ირაკლი.

დასასრულს, ირაკლისთან სამომავლო პერსპექტივებსა და უცხოური ბაზრის ათვისებაზე ვისაუბრე. ირაკლის თქმით, Ensofy-ის მთავარი ამბიცია სწორედ ეს არის, შექმნას პროდუქტი, რომელსაც გლობალურ ბაზარზე გაიტანს. ის ამბობს, რომ მათ გუნდს საკმაოდ ფართო საქმიანი კავშირები აქვს გერმანიასა და შვეიცარიაში, განსაკუთრებით დიაგნოსტიკის და ტექნოლოგიურ წრეებში. შესაბამისად, უკვე აქვთ კონკრეტული ხედვა და გეგმა თუ როგორ აითვისებენ ამ ორი ქვეყნის ბაზარს.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.