როგორც ჩანს, ნეტფლიქსის ახალი ჰიტი Squid Game (კალმარის თამაში) სხვა მილიონობით მაყურებელთან ერთად ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმაც ნახა. თუმცა მისმა შეფასებამ ამ სამხრეთკორეული სერიალის შემქმნელი, ჰვანგ დონგ-ჰიუკი გაანაწყენა და NBA-ის ვარსკვლავს გამოეხმაურა კიდეც.

ლებრონმა სერიალის შესახებ კომენტარი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გააკეთა, როდესაც თანაგუნდელ ენტონი დევისს ესაუბრებოდა და აღნიშნა, რომ Squid Game-ის ფინალით აღშფოთებულია.

The Guardian-თან საუბრისას ჰვანგმა ლებრონის კრიტიკას უპასუხა და არც თუ ისე ირიბად კბილი გაკრა ანიმაციურ ფილმს Space Jam 2-ს, რომელშიც კალათბურთელი მთავარ როლს ასრულებს.

"Space Jam 2 გინახავთ? ლებრონ ჯეიმსი ძალიან მაგარია, მას შეუძლია ის თქვას, რაც სურს და მე ამას პატივს ვცემ. ასევე მადლობელი ვარ, რომ მან შოუს ბოლომდე უყურა. მაგრამ მე არ შევცვლიდი ჩემს დასასრულს, რადგან ეს ჩემი დასასრულია. თუ ლებრონს დასასრულის საკუთარი იდეა აქვს, რომელიც მას უფრო აკმაყოფილებს, შეუძლია, რომ სერიალის გაგრძელება გადაიღოს. სიამოვნებით ვნახავ მის ვერსიას და ბოლოს იმასაც ვეტყვი, რომ მისი შოუს ყველა ნაწილი კარგი იყო, გარდა დასასრულისა", — ამბობს კალმარის თამაშის რეჟისორი.

ლებრონმა Twitter-ზე ჰვანგის პასუხი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: "ეს ნამდვილად არ უთქვამს, ჰო? იმედი მაქვს, რომ არა".

იმედია, მათი დაპირისპირება ამით დასრულდება და კალმარის თამაშის შემდეგი სეზონის რეალურ მონაწილედ არ ვიხილავთ ლებრონ ჯეიმს...