მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 10:20 საათზე, ინდოეთმა Agni-V-ის სახელით ცნობილი ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა. ეს ქვეყნის კუთვნილი პირველი მსგავსი აპარატია, რომელიც 5 000 კილომეტრს ფარავს.

Agni-V ინდოეთის ოდიშის შტატში განლაგებული აბდულ კალამის კუნძულიდან გაუშვეს. ის გახლავთ 3-საფეხურიანი, კონტინენტთაშორისი რაკეტა, რომელიც ბირთვული იარაღის გადასატანად გამოიყენება. მისი სიგრძე 17.5 მეტრი, სიგანე კი 2 მეტრია. აპარატი სიზუსტით გამოირჩევა და ათასობით კილომეტრის მოშორებით მდებარე სამიზნე ობიექტის განადგურება შეუძლია. მათ შორის, აღწევს, როგორც ჩინეთის ნებისმიერ ტერიტორიამდე, ასევე ევროპამდე.

იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ამგვარ რაკეტებს უკვე დიდი ხანია ფლობს, ეს ინდოეთისთვის სიახლეს წარმოიადგენს და მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამის გარდა, ის ქვეყანას რეგიონში საკუთარი ძალების განმტკიცების საშუალებას აძლევს.

ინდოეთში არსებული თავდაცვითი კვლევებისა და განვითარების ორგანიზაციის (DRDO) მიერ შექმნილი ბალისტიკური რაკეტა ხელისუფლების ბირთვულ სტრატეგიას დაექვემდებარება. კერძოდ, პრინციპს, რომლის მიხედვითაც ისინი მოწინააღმდეგეზე პირველ შეტევას არ განახორციელებენ.

ქვეყნის სამხედრო ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, Agni-V ჩინეთის მთავრობასთან წინააღმდეგობის სიმბოლოა და საჭიროების შემთხვევაში, სწორედ მისკენ იქნება მიმართული და არა პაკისტანისკენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე