საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი წუხილს გამოთქვამს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

"რა თქმა უნდა, ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, როდესაც საკითხი ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა და მოხარულები ვართ, რომ არსებობს მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას", — აცხადებს დეგნანი.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. ის 27-ე დღეა შიმშილობს.

ექსპრეზიდენტის ექიმი და ადვოკატები მის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის.

მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილი გლდანის ციხეში მკურნალობის კატეგორიულად წინააღმდეგია. ექიმის ცნობით, კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

სახალხო დამცველიც მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და ამასთან, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს გადაუდებელი მიღების შესაძლებლობა, ის სრულადაა აღჭურვილი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მიიღოს. იგივე პოზიცია აქვს იუსტიციის სამინისტროსაც.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს აქვს "ილუზიები", თითქოს კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, 30 ოქტომბერს მისი მხარდამჭერები მობილიზდებიან და გაათავისუფლებენ. რაც შეეხება სააკაშვილის კერძო საავადმყოფოში გადაყვანას, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში ყველა პირობა არის შექმნილი და ეს გადაწყვეტილება "არ გადაიხედება".

დღეს, უკრაინის სახალხო დამცველმა, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილი ვივამედში გადაიყვანონ. მისივე თქმით, დააფიქსირა მისი უფლებების დარღვევები, რის შესახებაც საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინაში ევროპული ქვეყნების საელჩოებსა და ევროპარლამენტარებს აცნობებს.