#თავისუფლებამიშას — ბანერი ამ წარწერით ოზურგეთში, იმ შენობაზე გადმოიფინა, სადაც ქალაქის მერია, საკრებულო და გურიის რწმუნებულის ადმინისტრაცია მდებარეობს. ბანერი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა იმ დროს გადმოფინეს, როცა თბილისში, ქართული ოცნება აქციისთვის ემზადებოდა.

"ქართული ოცნება ატარებს დღეს აქციას საქართველოს წინააღმდეგ და ეს კარგად ჩანს — ეს შენობა დღეს არის ცარიელი. სამუშაო დღეა და ოზურგეთელებეს, გურულებს ვინც უნდა ემსახურებოდეს, ისინი დღეს არიან აქციაზე. ჩვენ მიშას და საქართველოს თავისუფლებისთვის გამოვფინეთ ბანერი", — განაცხადა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა ოზურგეთის საკრებულოში, ბესო ქათამაძემ.

ენმ-ს წევრი და ოზურგეთის მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი, დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება და ის უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

"ჩვენ დავიწყეთ აქცია, ადმინისტრაციული შენობის წინ გადმოვკიდეთ ბანერი — თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს და ამ ბანერს ჩავიტანთ თვით ბიძინა ივანიშვილის სახლამდეც კი. ჩვენ არ შევწყვეტთ საპროტესტო აქციებს და საპროტესტო აქციები იქნება მასშტაბური", — განაცხადა მჟავანაძემ.

On.ge დაუკავშირდა ოზურგეთის მერიის პრესსამსახურსაც, სადაც გვითხრეს, რომ მათ არ იცოდნენ აღნიშნული პერფორმანსის შესახებ.

"დეპუტატები არიან და უფლება აქვთ, რომ შემოვიდნენ, მაგრამ, რას აკეთებდნენ, ეს ჩემთვის ცნობილი არ იყო. როგორც ჩანს, მედიისთვის წინასწარ იყო ცნობილი, იმიტომ, რომ რამდენიმე მედიასაშუალება იყო მობილიზებული [...] სამუშაო საათები იყო. ჩვეულებრივად შემოვიდნენ. დაცვამ არ იცოდა, რომ რამე იგეგმებოდა, თორემ, რა თქმა უნდა, მობილიზება იქნებოდა, შესაბამისად", — აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

რაც შეეხება ბრალდებას, რომ ადმინისტრაციული შენობა ცარიელი იყო, რადგან თანამშრომლები თბილისში, ქართული ოცნების მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდნენ, მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამას "ვერ ადასტურებენ".

"საკრებულოდან, გუბერნიიდან, მერიიდან ვინმე წავიდა თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ნახევარზე მეტი საქართველოს მთავრობის განკარგულებით დისტანციურზეა გადასული. ნაწილი დადის, ნაწილი არ დადის, იმიტომ, რომ დისტანციურზეა, ზოგი შვებულებაშია და ამიტომ, ვინ წავიდა და ვინ არა ვერ გეტყვით", — გვითხრეს პრესსამსახურში.

დღეს, 27 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების წინასაარჩევნო აქცი გაიმართა. მმართველმა პარტიამ მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანა. მათი ნაწილი მედიებთან უარყოფდა, რომ აქციაზე მოდიოდა და სხვადასხვა მიზეზს იგონებდა. მაგალითად: ქორწილი, ტირილი, სეირნობა, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და სხვა.