პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორც დემოკრატიაა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას მან, ასევე, თქვა, რომ მათ მომავალზე უნდა აიღონ სწორება, თუმცა წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია.

"დღეს არავის უნდა წარსულზე საუბარი, რადგან წინ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. საქართველოს წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა. ვებრძვით პანდემიას, ვიმყოფებით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელ თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია. ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორც დემოკრატიაა, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების მხარდამჭერი აქცია 17:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეებს სიტყვით პირველმა ღარიბაშვილმა მიმართა, რომელმაც გამოსვლა ტრადიციულად, ყოფილი ხელისუფლების ლანძღვით დაიწყო.

ქართული ოცნების მხარდამჭერებმა თავისუფლების მოედანზე შეკრება 15:00 საათიდან დაიწყეს. მათ გასართობად სცენაზე გუფი ლენდი, გელა გნოლიძისა და ზუკა ხუციშვილის ბენდები გამოდიოდნენ.