უკრაინის რადას დეპუტატი იულია კლიმენკო უკრაინელი ჟურნალისტის დმიტრი გორდონის საქართველოში არშემოშვებაზე აცხადებს, რომ საკითხში უკრაინის ელჩი უკვე დაუკავშირდა საქართველოს შესაბამის უწყებებს, რათა გორდონი და სხვები ქვეყანაში შემოუშვან. დეპუტატის თქმით, მათ ჯერ დადასტურებული ინფორმაცია არ აქვთ, ვინ შემოუშვეს და ვინ არა.

"უკრაინის რადას 2 დეპუტატი შემოგვიშვეს. ველოდებით დანარჩენ კოლეგებს — ორ ჟურნალისტსა და ორ სამოქალაქო აქტივისტს, რომლებიც ამ ეტაპზე საპასპორტო კონტროლის პუნქტთან იმყოფებიან. ჯერჯერობით, არ ვიცით ვის შემოუშვებენ. ვფიქრობ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან გორდონი პირველ რიგში არის ჟურნალისტი, რომელსაც აქვს უფლება გააკეთოს რეპორტაჟი საქართველოში", — განაცხადა კლიმენკომ TV პირველთან.

კლიმენკო და სხვები უკრაინიდან მიხეილს სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდნენ. დეპუტატის თქმით, გორდონი საქართველოში პოლიტიკური ჟურნალისტიკის გამოძიების ჩასატარებლად არ ჩამოდის.

"გორდონს უნდა ჰქონოდა კონფერენცია 3 დღის განმავლობაში, მაგრამ, ცხადია, ეს კონფერენცია ჩაიშლება. ეს არ არის სწორი ნაბიჯი, არ შემოუშვა ქვეყანაში ჟურნალისტები, თუნდაც ისინი ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები იყვნენ. ვფიქრობ, უკრაინის საელჩო საქართველოში ჩაერთო ამ საკითხში. უკრაინის ელჩი უკვე დაუკავშირდა საქართველოს შესაბამის უწყებებს, რათა გორდონი და სხვები შემოუშვან ქვეყანაში", — აღნიშნა კლიმენკომ.

დეპუტატი, ასევე, ამბობს, რომ ისინი რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ აპირებენ და რომ საქართველოში არაპოლიტიკური მიზნებით ჩამოვიდნენ.

დღეს, 27 სექტემბერს უკრაინელმა ჟურნალისტმა, დმიტრი გორდონმა განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ჟურნალისტის თქმით, მისთვის ქვეყანაში არშემოშვების მიზეზი არ დაუსახლებიათ. მისივე განცხადებით, ეს საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია საქართველოს ხელისუფლებისთვის.

უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ მას 40 წუთის განმავლობაში ეკითხებოდნენ, რატომ ჩამოვიდა საქართველოში. მისივე თქმით, ის მხოლოდ რამდენიმე ზარისა და მუქარის შემდეგ შემოუშვეს.

გუშინ, 26 ოქტომბერს სააკაშვილის ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს, პასპორტი გამოართვეს და უკრაინაში აბრუნებენ.