Adobe ფოტოშოპისა და ილუსტრატორის ბრაუზერის ვერსიებს შემოგვთავაზებს. პროგრამების ინტერნეტ ვერსიების გამოყენებით დოკუმენტებში მცირე ცვლილებების შეტანას შევძლებთ.

ეს ამ ორი პროგრამისთვის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვებ ვერსიების შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია და Photoshop-ისა და Illustrator-ის სრულ შესაძლებლობებს ვერ გამოიყენებთ. მიუხედავად ამისა, ვებ ვერსიებში მაინც გექნებათ შესაძლებლობა გადაადგილოთ ლეიერები, გამოიყენოთ Healing Brush, დატოვოთ ანტოაციები და კომენტარები, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Eraser და lasso ხელსაწყოები.

"რაღა თქმა უნდა, ყველა ფუნქცია ბრაუზერის ვერსიაში დღესვე არ იმუშავებს, თუმცა ჩვენ რეალურად ვცდილობთ, რომ ის საბაზისო ფუნქციები, რაც ფაილების დასამუშავებლად გვჭირდება, პირდაპირ ინტერნეტშივე იყოს ხელმისაწვდომი" — ამბობს სკოტ ბელსკი, Adobe-ს პროდუქტის მთავარი დირექტორი.

ბელსკი ფოტოშოპის ვებ ვერსიას "მცირე დამუშავების შესაძლებლობის მქონედ" აღწერს, რომელსაც რეალურ PSD ფაილებთან მუშაობა შეუძლია.

Adobe-ს მიზანია გაამარტივოს და მეტად ფუნქციური გახადოს Creative Cloud. ფოტოშოპისა და ილუსტრატორის ვებ ვერსიებით ტექნოლოგიურ გიგანტს სურს, დიზაინერსა და კლიენტს შორის ურთიერთობა გაამარტივოს, ამ გზით მარტივდება ფაილების გაზიარება. კლიენტს შესაძლებლობა ექნება დატოვოს კომენტარები, რაც კომუნიკაციის პროცესს ცალსახად გაამარტივებს

კომენტარების ნახვის ფუნქცია დაემატება დესკტოპის პროგრამასაც, რათა ბრაუზერით გაკეთებული შენიშვნების ნახვა პირდაპირ შეძლოთ.

თავისმხრივ, განახლდა Photoshop-იც და პროგრამას რამდენიმე ხელსაწყო კიდევ უფრო მძლავრი გახდა. მაგალითად ობიექტის არჩევის ხელსაწყო ავტომატურად გამოყოფს იმ ნაწილებს, რისი ამორჩევაც შეუძლია. ფოტოშოპს ახალი ნეირონული ფილტრებიც დაემატა. Adobe-მ გააუმჯობესა Depth Blur ფილტრიც და ის ახლა უფრო მეტად ნატურალური ფონის შექმნას შეძლებს.