დიდწილად გაურკვეველი მიზეზების გამო, აშშ-ში ტროპიკული დაავადების გავრცელება დაიწყო. როგორც წესი, იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იჩენს ხოლმე თავს, რამაც სახელმწიფო მოხელეებში დიდი დაბნეულობა აღძრა.

ახლახან აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC) დაადგინეს, რომ, შესაძლოა, დაავადების გავრცელება ოთახის სურნელოვან სპრეიში არსებულ იშვიათ ბაქტერიას უკავშირდებოდეს. პროდუქტს Walmart-ში ვხვდებოდით, თუმცა ახლა უკვე გაყიდვიდან ამოიღეს.

CDC-ის უწყებით, 2021 წელს, ივლისის მიწურულს, მელიოიდოზით სამი ადამიანი დაავადდა ტეხასში, კანზასსა და მინესოტაში. მეოთხე შემთხვევა მოგვიანებით ჯორჯიას შტატში დაფიქსირდა, ოთხიდან ორი პაციენტი კი დაიღუპა.

დაავადების სიმპტომები შედარებით ბუნდოვანია და იმის მიხედვით იცვლება, თუ სხეულის რომელი ნაწილია ინფიცირებული. ფილტვებში არსებულმა ინფექციამ შესაძლოა, ხველება, მკერდის ტკივილი, მაღალი სიცხე და თავისტკივილი გამოიწვიოს. ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემის ინფიცირებას რაც შეეხება, სიმპტომები ხშირად იგივეა, თუმცა ამას სახსრების ტკივილი და ორიენტაციის დაკარგვაც ემატება.

მისი გავრცელება საკმაოდ უჩვეულო მოვლენას წარმოადგენს, ვინაიდან დაავადების გამომწვევი ბაქტერია, Burkholderia pseudomallei, როგორც წესი, ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებშია გავრცელებული, თუნდაც აზიისა და ჩრდილოეთ ავსტრალიის ნაწილებში ისევე, როგორც სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. დაავადების ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათია და არც რომელიმე პაციენტს დაუტოვებია ქვეყანა ახლო წარსულში.

ინფექციის წყაროს დასადგენად CDC-ის მეცნიერებმა პაციენტებისგან და მათი სახლებიდან ნიმუშები ააგროვეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, Walmart-ის სურნელოვანი სპრეიდან აღებულმა ნიმუშმა იშვიათ B. pseudomallei ბაქტერიაზე დადებითი შედეგი აჩვენა.

სპრეი Better Homes & Gardens-ის მიერ გახლდათ დამზადებული. სურნელოვანი საშუალება ინდოეთში იწარმოებოდა და, შესაძლოა, აშშ-ში პათოგენიც სწორედ აქედან აღმოჩნდა. ამასთანავე, იმ ბაქტერიის გენეტიკა, რომელმაც ოთხი პაციენტი დააავადა, ბაქტერიათა იმ შტამის გენეტიკის ანალოგიურია, რომელსაც ხშირად სამხრეთ აზიაში ვხვდებით. CDC დასნებოვნების სამ სხვა შემთხვევას კვლავაც იძიებს, თუმცა განსაკუთრებით აინტერესებთ, ეს სამი პაციენტი ამ ან სხვა მსგავს პროდუქტს ხომ არ იყენებდა.

შეერთებული შტატების სამომხმარებლო პროდუქტთა უსაფრთხოების კომისიაზე დაყრდნობით, Walmart-იდან Better Homes & Gardens-ის სპრეის 3 900-ვე ბოთლი ამოიღეს გაყიდვიდან, ხოლო მომხმარებლები, რომელთაც პროდუქტი უკვე შეიძინეს, 20 დოლარიან სასაჩუქრე ბარათს მიიღებენ. ოთახის სპრეი დაახლოებით 55 ფილიალში იყიდებოდა მთელი სახელმწიფოს მასშტაბით და ონლაინ, 2021 წლის თებერვლიდან 2021 წლის ოქტომბრამდე, დაახლოებით 4 დოლარად.

CDC-მ პროდუქტის შემძენ პირებს მოუწოდა, რომ სპრეის მოხმარება დაუყოვნებლივ შეწყვიტონ და მისი მოშორების ინსტრუქციებიც გასცა: ნაგვის ურნაში გადაგდება არ შეიძლება — ამის ნაცვლად, იგი ორჯერ უნდა შეახვიონ სპეციალურ სტერილურ პარკებში და პატარა მუყაოს ყუთში მოათავსონ, ყუთი კი Walmart-ის მაღაზიას უნდა დაუბრუნდეს. სასურველია, გაუზავებელი სადეზინფექციო საშუალებებით გაიწმინდოს ზედაპირებიც, რომელთაც სპრეისთან ჰქონდა შეხება, ქსოვილებს კი გარეცხვა და ცხელ საშრობში კარგად გაშრობა ესაჭიროება.

CDC ხალხს იმასაც ურჩევს, რომ თუ უკანასკნელი 21 დღის განმავლობაში პროდუქტი გამოუყენებიათ და უჩვეულო სიმპტომები აღენიშნებათ, სამედიცინო დახმარებას მიმართონ და ექიმს სპრეის გამოყენების შესახებ მოახსენონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.