დიდ ბრიტანეთში მდებარე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად ცოცხალი ბაქტერიის ყველაზე მკაფიო გამოსახულება მოიპოვეს, რაც აქამდე გადაუღიათ.

სურათზე ამ ორგანიზმების ზედაპირზე არსებული დამცავი ფენის კომპლექსური სტრუქტურაა ნაჩვენები, რომელიც მედიკამენტებით მათ განადგურებას ართულებს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ეს მათთვის დამახასიათებელი ანტიბიოტიკ-რეზისტენტულობის დაძლევაში დაგვეხმარება.

ნაშრომში, რომელიც მალე გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდება, ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შესწავლილი გრამ-ნეგატიური ბაქტერიის საფარის სიმტკიცის მიუხედავად, მასზე სუსტი რეგიონებიცაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, რადგან მიკრობების ამგვარი სქელი გარსი უჯრედში პრეპარატების შეღწევას აფერხებს.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ არსებების გარეთა მემბრანა ცილების შემადგენელი ამინომჟავების ჯაჭვებს შეიცავს, რომლებიც ერთმანეთისგან სხვაგვარი სტრუქტურის მქონე მცირე მონაკვეთებითაა გამოყოფილი. ეს უკანასკნელი, მათგან განსხვავებით, გლიკოლიპიდებით, ანუ შაქრის ნაერთებითაა მდიდარი.

მეცნიერთა მიერ გამოკვლეული მიკროორგანიზმი Escherichia coli, იგივე ნაწლავის ჩხირია. მასზე მათ პატარა ნემსის წვერი გადაატარეს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ნანომეტრი სიგანისაა. ამან ბაქტერიის გარსის მოლეკულური აგებულება გამოავლინა.

შედეგად მიღებული ფოტომასალაზე მიკრობის გარეთა მემბრანაზე ცილების მიერ წარმოქმნილი ფორებია აღბეჭდილი, რომლებიდანაც ის საკვებ ნივთიერებებს იღებს, დანარჩენ ნაერთებს კი აკავებს. ეს ცხადყოფს, როგორ ახერხებენ ისინი მსგავსი ზედაპირული ბარიერის მიუხედავად, ზრდასა და განვითარებას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.