18 ოქტომბერს კოლორადოს ერთ-ერთი მთის დასალაშქრად წასული კაცი შეხვედრის ადგილას 24 საათის განმავლობაში არ გამოჩნდა, რის შემდეგაც მაშველებმა მისი ძებნა დაიწყეს. დაკარგულ კაცს მაშველები ტელეფონით ვერ დაუკავშირდნენ, რისი მიზეზიც, როგორც გაირკვა, რაიმე ინციდენტი სულაც არ ყოფილა — კაცი უბრალოდ უცხო ნომრებს არ პასუხობს და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იყო.

"მან ჩვენს განმეორებით სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, რადგან ჩვენი ნომრები ვერ იცნო", — განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.

კაცს მაშველთა ორი ჯგუფი ეძებდა, თუმცა უშედეგოდ. უკან დაბრუნებულმა მეორე ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ დაკარგული მოგზაური შეხვედრის ადგილას დაბრუნებულიყო. მისი თქმით, ღამით გზა აებნა და სწორედ ამიტომ შეაგვიანდა, თუმცა უამრავი ზარის მიღების მიუხედავად, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ვინმე ეძებდა.

32-საათიან სამძებრო სამუშაოებს კეთილი დასასრული ჰქონდა, თუმცა სამაშველო სამსახურმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ დაკარგვის შემთხვევაში განმეორებითი ზარები უმეტესად იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ ადამიანს ეძებენ. მაშველებმა საზოგადოებას მოუწოდეს, რომ ასეთ დროს ძალა უნდა მოიკრიბონ და უცხო ნომერსაც კი უპასუხონ!

ამავე თემაზე: