როგორც ჩანს, ნეტფლიქსის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სერიალმა, Squid Game-მა, ზრდასრულების გარდა, ბავშვების ყურადღებაც მიიპყრო. მართალია, ნეტფლიქსმა თავის სტრიმინგ სერვისზე მიუთითა, რომ კალმარის თამაშის ნახვა 17 წლამდე მოზარდებისთვის მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ სერიალმა უფრო პატარა ასაკის ბავშვებამდე მისასვლელი გზა მაინც იპოვა. ექიმებმა მშობლებს ურჩიეს, რომ ბავშვებს სერიალი არ აყურებინონ. როგორც ჩანს, მათ მოწოდებას აშშ-სა და ევროპის ზოგიერთი სკოლაც უერთდება.

ჰელოუნის მოახლოებასთან ერთად რამდენიმე სკოლამ მოსწავლეებს კალმარის თამაშის კოსტიუმების ჩაცმა ოფიციალურად აუკრძალა. ერთ-ერთი ასეთი დუბლინის დაწყებითი სკოლაა, რომლის წარმომადგენლებმაც მშობლებს განუცხადეს, რომ სერიალში ნაჩვენები მოვლენები ბავშვებზე უარყოფით გავლენას ახდენს. სკოლის განცხადებით, აკრძალვის მიზეზი ისაა, რომ სულ უფრო მეტი ბავშვი ცდილობს, სერიალში ნანახი სასტიკი თამაშები გაიმეოროს.

ახალი აკრძალვა ნიუ-იორკის 3 სკოლაშიც ამოქმედდა. სკოლების დირექტორების საერთო განცხადებით, აღნიშნული კოსტიუმები სერიალის "ძალადობრივ გზავნილებს" უკავშირდება, რაც სკოლისთვის მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარულ სამხრეთ კორეულ სერიალში 456 ადამიანი ერთმანეთს სასიკვდილო თამაშებში ფულადი პრიზის მოსაპოვებლად ეჯიბრება. სერიალი გამოსვლიდან 25 დღეში 111 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და Bridgerton-ის რეკორდი მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, ჰელოუინისთვის ყველაზე მეტი ადამიანი ინტერნეტში სწორედ კალმარის თამაშის კოსტიუმებს ეძებს. რამდენიმე კვირის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალის გამოსვლის შემდეგ Vans-ის ფირმის თეთრი ფეხსაცმლის გაყიდვები 7 800%-ით გაიზარდა.

ამავე თემაზე: