უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სანახავად შედის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის მთავარი მიზანია, გაარკვიოს, თუ რამდენად არის დაცული ექსპრეზიდენტის უფლებები.

"მე პირადად მინდა გავეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიტომ, რომ დღეს მისი შიმშილობის 27-ე დღეა. მინდა გავეცნო და დავრწმუნდე, რამდენად აღმოუჩენენ საჭირო დახმარებას ციხის საავადმყოფოში. თუ საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც პრეზიდენტისთვისაა საჭირო, მე მზად ვარ შევხვდე მის პირად ექიმს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი არის ის, რომ გავარკვიო, რამდენადაა დაცული მისი უფლებები აქ.

გუშინ იყო ჩამოსული ერთი ადვოკატი, რომელიც დასაბუთების გარეშე გააბრუნეს უკან. გავარკვევთ რამდენად სწორად არ შემოუშვეს ადვოკატი ქვეყანაში. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო მიხეილს რა უნდა, რომ შემდგომ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ", — აცხადებს ომბუდსმენი.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტობერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. ის 27-ე დღეა შიმშილობს.

ექსპრეზიდენტის ექიმი და ადვოკატები მის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის.

მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილი გლდანის ციხეში მკურნალობის კატეგორიულად წინააღმდეგია. ექიმის ცნობით, კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

სახალხო დამცველიც მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და ამასთან, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს გადაუდებელი მიღების შესაძლებლობა, ის სრულადაა აღჭურვილი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მიიღოს. იგივე პოზიცია აქვს იუსტიციის სამინისტროსაც.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს აქვს "ილუზიები", თითქოს კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, 30 ოქტომბერს მისი მხარდამჭერები მობილიზდებიან და გაათავისუფლებენ. რაც შეეხება სააკაშვილის კერძო საავადმყოფოში გადაყვანას, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში ყველა პირობა არის შექმნილი და ეს გადაწყვეტილება "არ გადაიხედება".