ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის განცხადებით, საქართველოში არ შემოუშვეს, პასპორტი გამოართვეს და უკრაინაში აბრუნებენ. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook-ზე წერს.

"ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე ვიგრძენი. თბილისის აეროპორტში არ შემიშვეს და მიზეზიც არ ამიხსნეს. პასპორტი გამომართვეს და სტიუარდესას თქმით, ეკიპაჟის უფროსს გადასცეს. ავუხსენი, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვედი, მაგრამ უშედეგოდ — ახლა ვბრუნდები უკან უკრაინაში. პ.ს. სტიუარდესა "დეპორტირებულ მგზავრს" მიწოდებს. პ.ს.ს. კიევში პასპორტის გარეშე ვბრუნდები, მაგრამ თვითმფრინავი აგვიანებს, რადგან ვიღაცამ ფრენაზე უარი თქვა", — წერს ის.

On.ge აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ქართველებთან ერთად ჰოლანდიელი და უკრაინელი მედიკოსებიც შეისწავლიან. სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, ჰოლანდიელი ექიმი საქართველოში დღეს ჩამოვიდა, ხვალ კი უკრაინიდან რეანიმატოლოგიც ჩამოვა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის 27 დღეა შიმშილობს. როგორც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე ცვალებადია, ამიტომ მას ნებისმიერ დროს, შეიძლება, კლინიკაში გადაყვანა დასჭირდეს. სააკაშვილის მოთხოვნაა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში მოათავსონ, თუმცა ოფიციალური უწყების განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მას პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საჯაროდ მიმართეს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს და სთხოვეს განმარტება — არის თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო იმ ტიპის მულტიფუნქციური დაწესებულება, რომელიც განსაზღვრა კონსილიუმმა სააკაშვილის სამკურნალოდ. გარდა ამისა, გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს და შეისწავლოს, შეესაბამება თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო C კატეგორიის, მულტიფუნქციური კლინიკის სტანდარტებს.

იმავე დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეისწავლეს მე-18 სამედიცინო დაწესებულება და განაცხადეს, რომ იგი სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.