დათო შენგელია, რომელიც 90-იან წლებში შეიარაღებული დაჯგუფების, ე.წ. ტყის ძმების მეთაური იყო, ფორმულასთან ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას ამომრჩეველთა ხმების მობილიზებაში ეხმარება. ჟურნალისტის კითხვაზე, რა ფორმით აკეთებს ამას, შენგელია პასუხობს:

"რა ფორმით და ჩემს ნაცნობებს ვეუბნები, რომ კარგი საქმის გამკეთებლები იქნებიან, კარგი მერი იქნება და აირჩიეთ".

შენგელია დასმულ კითხვაზე, აქვს თუ არა მას ისევ ისეთი გავლენა, როგორიც ადრე, პასუხობს, რომ ეს არჩევნების შემდეგ გამოჩნდება.

"არ ვიცი, ისევ ვარ ფორმაში, არ ვარ, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, მე საიდან ვიცი", — ამბობს ის.

ამასთან, აქვე აღნიშნავს, რომ ხმების მობილიზებისთვის საკუთარ ავტორიტეტს იყენებს.

"კიბატონო, ვიყენებ...", — აცხადებს ის.

ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველთა მობილიზებაში მასთან ერთად, მისი შვილიცაა ჩართული, შენგელია არ უარყოფს და ამბობს, რომ "მერე რა".

ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაში კრიმინალური ავტორიტეტების სავარაუდო მონაწილეობის შესახებ დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ Facebook გვერდზე დაწერა.

ამასთან, მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ოცნების" აქციაზე მონაწილეობის სანაცვლოდ მოქალაქეები, მათ შორის სსიპ-ებისა და აიპ-ების წარმომადგენლები, ფულს იღებენ. ჟურნალისტებმა მათ აქციის ორგანიზატორთა სახელით დაურეკეს, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, შედგა თუ არა მათთან ანაზღაურების შესახებ საუბარი. მათ მიერ გავრცელებულ მასალაში სატელეფონო მიმოწერებიცაა.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და მერობის კანდიდატი, კახა კალაძე აცხადებს, რომ აქციაზე ფული იხარჯება, თუმცა, მისი მტკიცებით, ეს კვების საფასურია და "ყველაფერი ოფიციალურად ხდება".

"გარკვეული თანხები იხარჯება, თუმცა, იმაზე ნაკლები იხარჯება, ვიდრე თქვენ დახარჯეთ აქციისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის კვების საფასური, ოფიციალურად ხდება ყველაფერი, დამალული არაფერი არ არის", — ამბობს კალაძე.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ თუ ვინმეს აქციაზე მოსვლის სანაცვლოდ მოქალაქეებს ფულს "ჰკადრებს", არ უნდა მოვიდნენ.

ქართული ოცნების მიერ 27 ოქტომბერს დაანონსებული "პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება" თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.