ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა დღემდე არ ეძლევა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"პირდაპირ გეუბნები ახლა, ხომ ვიყავი ციხეში და ვიცი, გაქვს შენ განკუთვნილი დრო, აბა როგორ გირეკავდით? გახსოვთ, რომ გირეკავდით ციხიდან? წარმოიდგინეთ, მიხეილ სააკაშვილს ამის უფლება არ მისცეს. არავინ არ კითხულობს იქ, ქართულ ოცნებაში და არავინ არ ეკითხება ერთმანეთს, რატომ არ მივეცით. მერე გამოვლენ და "უი, რა ფუმფულები ვართ, რა კარგები ვართ, ცუდი ნაცები, ოხრები". კონკრეტულ მაგალითს გეუბნებით, მესამე პრეზიდენტს თავი დაანებეთ, პატიმარია, რომელსაც აქვს უფლება ისარგებლოს სატელეფონო ზარებით", — აცხადებს ის.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის 26 დღეა შიმშილობს. როგორც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე ცვალებადია, ამიტომ მას ნებისმიერ დროს, შეიძლება, კლინიკაში გადაყვანა დასჭირდეს. სააკაშვილის მოთხოვნაა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში მოათავსონ, თუმცა ოფიციალური უწყების განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მას პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საჯაროდ მიმართეს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს და სთხოვეს განმარტება — არის თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო იმ ტიპის მულტიფუნქციური დაწესებულება, რომელიც განსაზღვრა კონსილიუმმა სააკაშვილის სამკურნალოდ. გარდა ამისა, გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს და შეისწავლოს, შეესაბამება თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო C კატეგორიის, მულტიფუნქციური კლინიკის სტანდარტებს.

იმავე დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეისწავლეს მე-18 სამედიცინო დაწესებულება და განაცხადეს, რომ იგი სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.