თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, როდესაც ადამიანი აქციაზე მიჰყავთ, კვებას თავად უზრუნველყოფენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციაზე "გარკვეული თანხები იხარჯება".

"გარკვეული თანხები იხარჯება, თუმცა იმაზე ნაკლები იხარჯება, ვიდრე თქვენ დახარჯეთ აქციისთვის, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანები... რა თქმა უნდა, ეგ არის კვების საფასური, რომელიც ოფიციალურად ხდება, დამალული არაფერი არ არის. ასე რომ, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მოვიდეს.

თქვენ მიზანმიმართულად ცდილობთ, რომ თითქოს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ უფლება, მათაც აქვთ უფლება. შეგიძლიათ, მობრძანდეთ, შეგიძლიათ, მობილიზებაც გააკეთოთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შვებულებებიც [...] ადამიანი როდესაც მოგვყავს, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ კვებას, ამას პარტია აკეთებს. რა მნიშვნელობა აქვს [რამდენია გამოყოფილი] ეს არის ოფიციალური ხარჯები და ყველაფერი შეგიძლიათ, ნახოთ", — აცხადებს ის.

ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო აქცია დააანონსა და მას "პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება" უწოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ისინი ოთხშაბათს 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და კიდევ აჩვენებენ, "როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად".