ქართული ოცნების წევრის, სოზარ სუბარის თქმით, შიმშილობის გამო დანაშაულის "ჩამოწერა არ ხდება". ეს კომენტარი მან ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ეს შეეხება ნებისმიერ დანაშაულს, მათ შორის, მკვლელობას, გაუპატიურებას, თაღლითობას და სხვა.

"შიმშილობით დანაშაულის ჩამოწერა არ ხდება. შიმშილობით უკვე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება არ ხდება, ვინც არ უნდა იშიმშილოს, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, ეს შეეხება პრეზიდენტსაც, ეს შეეხება ნებისმიერ დამნაშავეს. იქნება ეს მკვლელი, გაუპატიურება, თაღლითობა თუ ნებისმიერი სხვა. ნებისმიერ დანაშაულზე არის ერთი და იგივე სტანდარტი, რომ შიმშილობის გამო დანაშაულის გაუქმება არ ხდება და ვერ მოხდება ვერავისთან დაკავშირებით", — თქვა სუბარმა იმედის ეთერში.

სუბარი ასევე ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა მის ხელშია და შეუძლია, შიმშილობა ნებისმიერ დროს შეწყვიტოს. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას, მან ისაუბრა, რომ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირობები ძალიან კარგია.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. ის 26 დღეა შიმშილობს.

ექსპრეზიდენტის ექიმი და ადვოკატები მის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის.

მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილი გლდანის ციხეში მკურნალობის კატეგორიულად წინააღმდეგია. ექიმის ცნობით, კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

სახალხო დამცველიც მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და ამასთან, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს გადაუდებელი მიღების შესაძლებლობა, ის სრულადაა აღჭურვილი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მიიღოს. იგივე პოზიცია აქვს იუსტიციის სამინისტროსაც.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს აქვს "ილუზიები", თითქოს კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, 30 ოქტომბერს მისი მხარდამჭერები მობილიზდებიან და გაათავისუფლებენ. რაც შეეხება სააკაშვილის კერძო საავადმყოფოში გადაყვანას, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში ყველა პირობა არის შექმნილი და ეს გადაწყვეტილება "არ გადაიხედება".