პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პატიმართან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და გამოტანა არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება. მათივე თქმით, ადვოკატიც არ არის უფლებამოსილი, რომ ციხიდან ბრალდებულის წერილები გამოიტანოს.

"სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ეს არის ახალი დაწესებული შეზღუდვა და ვრცელდება რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე", — აცხადებენ უწყებაში.

მათი თქმით, პატიმარს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პატიმრის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. უწყების განცხადებით, პირადი ხასიათის კორესპონდენცია კი ადრესატს პატიმრის ხარჯით ეგზავნება.

პენიტენციური სამსახური ასევე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის კობა ნაყოფიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ციხის ადმინისტრაციამ დაწესებულების მესამე სართულზე რემონტი ჩაატარა და მიხელ სააკაშვილის საკნის ფანჯრები დაბურა.

"განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გაცნობებთ, რომ მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გადაძახილით მიმართვის დროს დააზიანა. ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს. ასევე შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს", — აცხადებენ ისინი.

დღეს ნაციონალური მოძრაობის სენაკის მერობის კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ სააკაშვილთან მიმსვლელებს ციხიდან წერილის გამოტანის უფლებას არ აძლევენ. როგორც მან აღნიშნა, დაწესებულებაში შესვლისას გააფრთხილეს, რომ სააკაშვილის წერილის გამოტანა არ შეიძლება. ნაყოფია ამბობდა, რომ ექსპრეზიდენტისგან წერილების მიღება ამიერიდან მხოლოდ ფოსტის ან ადვოკატების დახმარებით იქნებოდა შესაძლებელი.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაპატიმრებიდან 26 დღეა შიმშილობს.