ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე. მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ურჩევნია, იქ იყოს, სადაც არის, სიკვდილამდე ან თავისუფლებამდე.

"როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ სიტუაციაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე", — წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტობერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. ის 26 დღეა შიმშილობს.

ექსპრეზიდენტის ექიმი და ადვოკატები მის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის.

მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილი გლდანის ციხეში მკურნალობის კატეგორიულად წინააღმდეგია. ექიმის ცნობით, კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

სახალხო დამცველიც მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და ამასთან, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს გადაუდებელი მიღების შესაძლებლობა, ის სრულადაა აღჭურვილი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მიიღოს. იგივე პოზიცია აქვს იუსტიციის სამინისტროსაც.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს აქვს "ილუზიები", თითქოს კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, 30 ოქტომბერს მისი მხარდამჭერები მობილიზდებიან და გაათავისუფლებენ. რაც შეეხება სააკაშვილის კერძო საავადმყოფოში გადაყვანას, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში ყველა პირობა არის შექმნილი და ეს გადაწყვეტილება "არ გადაიხედება".