თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავად ეკისრება შიმშილობაზე პასუხისმგებლობა, რადგან მისთვის ეს "არავის დაუძალებია".

"პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ, რომ მისთვის არავის არ დაუძალებია შიმშილობა. საკვებიც არის, პროდუქტებიც არის და შეუძლია, მიიღოს. თუ რაიმე საჭიროება იქნება, აუცილებლობა იქნება იმისთვის, რომ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, ეს ნაბიჯი აუცილებლად გადაიდგმება და მიეხედება ისე, როგორც სხვა დანარჩენს", — აცხადებს ის.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ქართველებთან ერთად ჰოლანდიელი და უკრაინელი მედიკოსებიც შეისწავლიან. სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, ჰოლანდიელი ექიმი საქართველოში დღეს ჩამოვიდა, ხვალ კი უკრაინიდან რეანიმატოლოგიც ჩამოვა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის 26 დღეა შიმშილობს. როგორც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე ცვალებადია, ამიტომ მას ნებისმიერ დროს, შეიძლება, კლინიკაში გადაყვანა დასჭირდეს. სააკაშვილის მოთხოვნაა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში მოათავსონ, თუმცა ოფიციალური უწყების განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მას პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საჯაროდ მიმართეს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს და სთხოვეს განმარტება — არის თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო იმ ტიპის მულტიფუნქციური დაწესებულება, რომელიც განსაზღვრა კონსილიუმმა სააკაშვილის სამკურნალოდ. გარდა ამისა, გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს და შეისწავლოს, შეესაბამება თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო C კატეგორიის, მულტიფუნქციური კლინიკის სტანდარტებს.

იმავე დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეისწავლეს მე-18 სამედიცინო დაწესებულება და განაცხადეს, რომ იგი სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.