საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ქუთაისის საოპერო თეატრში არ შეუშვეს, მიზეზად კი კოვიდრეგულაციები დაუსახელეს. მისი თქმით, მას სურდა, თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ოპოზიციის მერობის კანდიდატისთვის, ხატია დეკანოიძისთვის საკუთარი პრობლემები გაეცნოთ.

"დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით, რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვერა. არ იღელვოთ, ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით", — წერს ის Facebook გვერდზე.

ბურჭულაძის ამ განცხადების საპასუხოდ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ირინე ლომინაძე აცხადებს, რომ მასთან მომღერლის თეატრში შეშვების თხოვნით არავინ მისულა. ლომინაძის თქმით, მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ბურჭულაძეს მასთან შეხვედრა უნდოდა.

"მე ვინც მიცნობს, აქ ქუთაისლები არიან, იციან, რომ ტყუილს არ ვიკადრებ. ჩემთან არავინ მოსულა თეატრში შემოშვებისთვის, აბსოლუტურად არავინ არ მინახავს მე. მე უბრალოდ მოვედი დილით და ტელეფონზე მირეკავს ბატონი ამირან ხვადაგიანი და მეუბნება, რომ გარეთ დგას ბატონო პაატა ბურჭულაძე, უნდა თქვენი გაცნობა, ზუსტად, აი, სიტყვა-სიტყვით, ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. რა უფლებით არ შემოვუშვებდი, სირცხვილია პაატა ბურჭულაძე არ შემოუშვა თეატრში", — ამბობს ის ფორმულასთან.

ამასთან, ლომინაძე აღნიშნავს, რომ ბურჭულაძეს, როგორც მსოფლიო ბანს, პატივს სცემს, თუმცა, მას, როგორც პოლიტიკოსს არ შეხვდება, რადგანაც ის არ სცემს პატივს იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელის გვერდითაც მომღერალი დგას. ლომინაძის თქმით, თუ ბურჭულაძე მას ეტყოდა, რომ დასთან შეხვედრა სურდა, ის ამაზე დათანხმდებოდა.

"მე ვუთხარი ასეთი რამ, რასაც არ დავმალავ — პაატა ბურჭულაძეს, როგორც მსოფლიო ბანს, უდიდესი პატივისცემა ჩემი, ბედნიერი ვიქნები, თუკი როდესმე გვექნება ამის შესაძლებლობა და ოდესმე იმღერებს ჩემს თეატრში, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსს, პაატა ბურჭილაძეს მე არ შევხვდები-მეთქი. ეს არის ჩემი, მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, იმიტომ, რომ მე არ ვცემ იმ პარტიას პატივს, რომელი პარტიის გვერდითაც დგას პაატა ბურჭულაძე, ეს მხოლოდ და მხოლოდ ეხება პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს და არა მომღერალ პაატა ბურჭულაძეს. თქვენ როგორ გგონიათ, პაატა ბურჭულაძეს ჩემთვის ეთქვა, რომ მე მინდა დასთან შეხვედრა და მე ამის უფლება მქონდა, რომ დამეშალა? ეს როგორ შეიძლება, მე ხომ მუსიკოსი ვარ, მე ვიცი პაატა ბურჭულაძის წონა და ვინ არის და თუკი შეხვედრა უნდოდათ, რატომ არ გამაფრთხილეს წინა დღით. თქვენ შეგიძლიათ გაესაუბროთ და ჰკითხოთ", — აცხადებს ლომინაძე.