კრისტოფერ ნოლანი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დენი ვილნევის უახლესი სამეცნიერო ფანტასტიკის Dune-ის (დიუნი) თაყვანისმცემელი გახდა, რაც ბევრი კინომოყვარულისთვის მრავლისმთქმელია.

"ეს ნამუშევარი რეალური კადრებისა და კომპიუტერულად დამუშავებული ვიზუალური ეფექტების ერთ-ერთ საუკეთესო შერწყმაა, რაც აქამდე მინახავს. ამ ფილმის ყველა მონაკვეთი ძალიან, ძალიან მომხიბვლელია", — უთხრა კრისტოფერ ნოლანმა დენი ვილნევს ამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას.

Inception-სა და Interstelar-ის რეჟისორმა დენი ვილნევის ახალი ნამუშევრის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"მთელმა შემოქმედებითმა გუნდმა სამუშაო გასაოცარი წარმატებით შეასრულა. ვფიქრობ, რომ ფილმი თაყვანისმცემელთა სრულიად ახალ თაობას გააცნობს დიუნს და მათ წიგნის წაკითხვის სურვილს გაუჩენს. ეს უბრალოდ შესანიშნავი ნამუშევარია. მქონდა ფუფუნება, ფილმი უკვე რამდენჯერმე მენახა და ყველა ჯერზე ახალ-ახალი დეტალები აღმოვაჩინე. დიუნი კინომოყვარულთათვის დიდი სიამოვნება და ნამდვილი საჩუქარია", — დასძინა ნოლანმა.

დიუნს სწორედ ვიზუალური ეფექტების ბევრი კინოკრიტიკოსი ამჟამად ოსკარზე საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში ნომინირებული ფილმების სიის ლიდერად განიხილავს. აღსანიშნავია, რომ რეჟისორის ბოლო სამეცნიერო-ფანტასტიკურმა ფილმმა Blade Runner 2049 ოსკარი სწორედ საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში მიიღო.