26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1428 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0,27 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,22 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ღირებულება 3,6519 ლარს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს 9 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 332,9 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი 30 სექტემბერს შედგა, სადაც ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 27 ოქტომბერს შევა ძალაში.