მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, შიმშილობის პერიოდში შეიძლება ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს, ისე დასრულდეს ფატალური შედეგით.

"ჩვენ ვნახეთ კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არსებობს ის მდგომარეობა, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა და ამ ჩარევის რესურსი მე-12 დაწესებულებაში არ არსებობს.

დაადგინეს კრიტერიუმები, რას უნდა აკმაყოფილებდეს ის კლინიკა, სადაც უნდა მოთავსდეს მიხეილ სააკაშვილი. ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ ასრულებს მის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს და სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ. საუბარი იყო იმაზე, რომ თუკი ოპერაცია იქნება საჭირო, ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია, ოპერაციის საჭიროება შეიძლება საერთოდ არ დადგეს შიმშილობის პერიოდში, ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა. ოპერაცია არის ძალიან სპეციფიკური სამედიცინო ჩარევა, რაც შეიძლება, სრულიად არ იყოს კავშირში შიმშილობასთან", — აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, ეს პროცესი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ექსპრეზიდენტს ფაქტობრივად წირავს.

"ჩვენ მოვისმინეთ კონსილიუმის წევრების, მათ შორის, საჯარო განცხადებები, სადაც საუბარია იმაზე, რომ მაგალითად, ბატონი ზურაბ ფაღავა საუბრობდა, რომ შიმშილობა მულტიორგანულ პრობლემებს წარმოქმნის სხეულისთვის და შესაბამისად, საჭიროა ისეთ ჰოსპიტალში მკურნალობა, რომელსაც ექნება უნარი მულტიპროფილური სამედიცინო სერვისების გაწევის.

ეს პროცესი მიუთითებს ერთადერთ რამეზე, რომ ხელისუფლება წირავს, უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილს და ამ გადაწყვეტილებების მიღებისას ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით ისინი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის მიზნიდან კი არ გამოდიან, არამედ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ", — თქვა საძაგლიშვილმა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ქართველებთან ერთად ჰოლანდიელი და უკრაინელი მედიკოსებიც შეისწავლიან. სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, ჰოლანდიელი ექიმი საქართველოში დღეს ჩამოვიდა, ხვალ კი უკრაინიდან ჩამოვა რეანიმატოლოგი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საჯაროდ მიმართეს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს და სთხოვეს განმარტება — არის თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო იმ ტიპის მულტიფუნქციური დაწესებულება, რომელიც განსაზღვრა კონსილიუმმა სააკაშვილის სამკურნალოდ. გარდა ამისა, გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს და შეისწავლოს, შეესაბამება თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო C კატეგორიის, მულტიფუნქციური კლინიკის სტანდარტებს.

იმავე დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეისწავლეს მე-18 სამედიცინო დაწესებულება და განაცხადეს, რომ იგი სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივ შეცდომა იყო. კონკრეტულად, ბრეგაძის თქმით, ციხის საავადმყოფოში ექიმ-რეანიმატოლოგი არის.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია: "დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს".

ბრეგაძის ბრალდებას უპასუხა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ. მისი თქმით, 24 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არავინ იცოდა, რომ იქ რეანიმატოლოგი ჰყავდათ და იმავე დღეს საღამოს ან მეორე დღეს დანიშნეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის 26 დღეა შიმშილობს.