პარტია ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს მოუწოდებს, განცხადებით მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს ექსპრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით.

"ჩვენ როგორც გონივრული ალტერნატივა, მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, გააკეთოს შემდეგი რამ — გამოიყენოს სტრასბურგის პროცედურა 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი, ჰქვია დროებითი ღონისძიება. ერთხელ ეს არის გამოყენებული უკვე წარსულში, რა არის მისი აზრი, სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანონ ის თუ არა სამოქალაქო საავადმყოფოში. ეს ღონისძიება 39-ე მუხლით სწორედ მაგას ემსახურება, რომ სტრასბურგის საქმეები იხილება წლების განმავლობაში, იცით.

ამასობაში, რომ არ დადგეს მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რამე შარში არ გავეხვიოთ, წავიდეს სასწრაფოდ განცხადება სტრასბურგში და სტრასბურგის სასამართლომ დაავალოს, თუ საჭიროა, შესაბამისად შესწავლის შედეგად ხელისუფლებას, რომ გადაიყვანოს სააკაშვილი ჩვეულებრივ სამოქალაქო საავადმყოფოში", — ამბობს დოლიძე,

მისივე თქმით, ეს ამ საკითხის სწრაფად, სამართლიანად და სახელმწიფო ინტერესიდან გადაწყვეტის გზაა.

"ეს არის წრაფი გზა ამ საკითხის გადაწყვეტის, ეს არის სიმართლის დადგენის გზა, ეს არის სამართლიანად ამ საკითხის გადაწყვეტის გზა და სახელმწიფო ინტერესიდან ამ საკითხის გადაწყვეტის გზა, როდესაც არცერთ მხარეს არ მივცემთ საშუალებას ამ თემით მანიპულირების და ეს გვინდა ჩვენ. სახელმწიფო ინტერესია აქ დადგინდეს სიმართლე და დადგინდეს სწორად და არ იზარალოს სახელმწიფომ იმიტომ, რომ ვიღაცამ, პოლიტიკოსნა ცხელი თავით მიიღო გადაწყვეტილებები", — ამბობს პარტიის ლიდერი.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ქართველებთან ერთად ჰოლანდიელი და უკრაინელი მედიკოსებიც შეისწავლიან. სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, ჰოლანდიელი ექიმი საქართველოში დღეს ჩამოვიდა, ხვალ კი უკრაინიდან ჩამოვა რეანიმატოლოგი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საჯაროდ მიმართეს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს და სთხოვეს განმარტება — არის თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო იმ ტიპის მულტიფუნქციური დაწესებულება, რომელიც განსაზღვრა კონსილიუმმა სააკაშვილის სამკურნალოდ. გარდა ამისა, გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს და შეისწავლოს, შეესაბამება თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო C კატეგორიის, მულტიფუნქციური კლინიკის სტანდარტებს.

იმავე დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეისწავლეს მე-18 სამედიცინო დაწესებულება და განაცხადეს, რომ იგი სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივ შეცდომა იყო. კონკრეტულად, ბრეგაძის თქმით, ციხის საავადმყოფოში ექიმ-რეანიმატოლოგი არის.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია: "დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს".

ბრეგაძის ბრალდებას უპასუხა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ. მისი თქმით, 24 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არავინ იცოდა, რომ იქ რეანიმატოლოგი ჰყავდათ.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის 26 დღეა შიმშილობს.