New York Times-ის ჟურნალისტის თქმით, ჰაკერმა მის აიფონში შეღწევა მხოლოდ მისთვის ტექსტური შეტყობინების გაგზავნით მოახერხა, მსხვერპლს კი ამ დროს არაფრისთვის დაუჭერია ხელი.

ბენ ჰუბარდი, NYT-ის რეპორტიორი, რომელიც შუა აღმოსავლეთში მოღვაწეობს, თავისივე სტატიაში აცხადებს, რომ ჰაკერებმა რაღაც "დაჭერის გარეშე მოქმედი ვირუსი" გამოიყენეს, რათა 2020 და 2021 წელს მის ტელეფონში შემძვრალიყვნენ. ექსპერტების თქმით, მომხმარებლის პირადი მონაცემების საფრთხეში ჩასაგდებად უბრალოდ iMessage-ის მიღებაც კი სრულებით საკმარისია იმ ჰაკერისგან, რომელიც ამგვარ ხერხს იყენებს.

"თითქოს მოჩვენებამ გაგძარცვაო", — წერს ჰუბარდი.

Citizen Lab-თან, პროგრამა-ჯაშუშთა საკვლევ ინსტიტუტთან კონსულტაციისას ჰუბარდი ტექსტის წყაროს გაჰყვა და პროგრამა-ჯაშუშს, სახელად Pegasus-ს მიაგნო. კომპიუტერული პროგრამა NSO Group-ის, ისრაელური კომპანიის მიერ არის შექმნილი და მობილური ტელეფონების გატეხაში აქამდეც არაერთხელ ყოფილა ბრალდებული, თუმცა კომპანია გამუდმებით უარყოფს ნებისმიერ მტკიცებას.

როგორც ჩანს, პროგრამას საუდის არაბეთის მთავრობა იყენებდა ხოლმე ჰუბარდის ტელეფონზე თავდასასხმელად — ჟურნალისტი შუა აღმოსავლეთის ქვეყანას ხშირად აშუქებს და ნოველაც კი აქვს დაწერილი ტახტის მემკვიდრე მოჰამად ბინ სალმან ალ საუდის, ქვეყნის დე-ფაქტო მმართველის შესახებ, რომელსაც, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა შეუკვეთია მთავრობის კრიტიკულად გაშუქების გამო. აქედან გამომდინარე, ჟურნალისტს სჯერა, რომ ამგვარი საქციელის უკან სწორედ საუდის არაბეთის მთავრობა უნდა იდგეს.

უკვე ნათლად ჩანს, თუ რამდენად დაიხვეწა ჰაკერთა მიერ გამოყენებული საშუალებები უკანასკნელ წლებში. ახლა საეჭვო ბმულებისათვის თავის არიდება სულაც აღარ არის საკმარისი — თქვენს პირად მონაცემებს უბრალოდ ტექსტური შეტყობინების მიღების დროსაც კი შეიძლება, საფრთხე შეექმნას.

Apple-ს არაერთხელ უცდია ტელეფონთა დაცვის გაუმჯობესება, ახალი საფრთხეებისაგან თავის ასარიდებლად, თუმცა ამას დიდი შედეგი არ გამოუღია — შესაძლოა, ერთს მოარტყა მიზანში, თუმცა, ადრე თუ გვიან, სხვა პრობლემა მაინც ჩნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.