პარტია დროას განცხადებით, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა "პირადი შურისძიება" იქნება. დროა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა დაცული იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება.

"2020 წელს 585 პატიმარი გადაიყვანეს სამოქალაქო ჰოსპიტალში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახეზეა ქართული ოცნების პირადი ანგარიშწორება და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ არის მისი პრივილეგია, არამედ პირიქით — მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირადი შურისძიება", — წერია პარტიის განცხადებაში.

მათი თქმით, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა და განწყობებისა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს "ერთმანეთის განადგურებისა და ზიზღის პოლიტიკა". პარტიის განცხადებით, მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებისა, თითოეული ადამიანი იმსახურებს ჯანმრთელობის, სიცოცხლის უფლების დაცვასა და უფლებას, წარდგეს სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე.

"ხელისუფლებას აქვს პირდაპირი ვალდებულება, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ქართველებთან ერთად ჰოლანდიელი და უკრაინელი მედიკოსებიც შეისწავლიან. სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, ჰოლანდიელი ექიმი საქართველოში დღეს ჩამოვიდა, ხვალ კი უკრაინიდან ჩამოვა რეანიმატოლოგი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საჯაროდ მიმართეს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს და სთხოვეს განმარტება — არის თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო იმ ტიპის მულტიფუნქციური დაწესებულება, რომელიც განსაზღვრა კონსილიუმმა სააკაშვილის სამკურნალოდ. გარდა ამისა, გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს და შეისწავლოს, შეესაბამება თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო C კატეგორიის, მულტიფუნქციური კლინიკის სტანდარტებს.

იმავე დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეისწავლეს მე-18 სამედიცინო დაწესებულება და განაცხადეს, რომ იგი სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივ შეცდომა იყო. კონკრეტულად, ბრეგაძის თქმით, ციხის საავადმყოფოში ექიმ-რეანიმატოლოგი არის.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია: "დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს".

ბრეგაძის ბრალდებას უპასუხა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ. მისი თქმით, 24 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არავინ იცოდა, რომ იქ რეანიმატოლოგი ჰყავდათ.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის 26 დღეა შიმშილობს.