ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ქართველებთან ერთად ჰოლანდიელი და უკრაინელი მედიკოსებიც შეისწავლიან. სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, ჰოლანდიელი ექიმი საქართველოში დღეს ჩამოვიდა, ხვალ კი უკრაინიდან ჩამოვა რეანიმატოლოგი.

"გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიიდან ექიმი. ასევე, ხვალ ჩამოდის უკრაინიდან რეანიმატოლოგი. საქმეში, ასევე, ჩაერთო კომაროვსკი, ეს არის უკრაინელი მედიკოსი [...] სისუსტე იზრდება და ქართველ ექიმებს მედიკამენტოზური მკურნალობით უჭირავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ქართველ ექიმებს, განსაკუთრებით რეანიმატოლოგებს, რომლებმაც ორჯერ გადაარჩინეს მისი ჯანმრთელობის მდგომაროება", — განაცხადა გელხაურმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა 24 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის. მისი ინფორმაცით, ე.წ. ციხის საავადმყოფოში არ არის მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატები, დოპლერი და ა.შ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საჯაროდ მიმართეს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს და სთხოვეს განმარტება — არის თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო იმ ტიპის მულტიფუნქციური დაწესებულება, რომელიც განსაზღვრა კონსილიუმმა სააკაშვილის სამკურნალოდ. გარდა ამისა, გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს და შეისწავლოს, შეესაბამება თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო C კატეგორიის, მულტიფუნქციური კლინიკის სტანდარტებს.

იმავე დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეისწავლეს მე-18 სამედიცინო დაწესებულება და განაცხადეს, რომ იგი სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივ შეცდომა იყო. კონკრეტულად, ბრეგაძის თქმით, ციხის საავადმყოფოში ექიმ-რეანიმატოლოგი არის.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია: "დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს".

ბრეგაძის ბრალდებას უპასუხა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ. მისი თქმით, 24 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არავინ იცოდა, რომ იქ რეანიმატოლოგი ჰყავდათ.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის 26 დღეა შიმშილობს.