ცაგერში პარტია საქართველოსთვის მერობის კანდიდატი, ბესარიონ ბენდელიანი ქართული ოცნების კანდიდატს, გიორგი ნემსაძეს დებატებში იწვევს.

"მინდა ჩემს კონკურენტს ქართული ოცნებიდან, მეორე ტურის წინ მივმართო და გამოვიწვიო დებატებში. ლეჩხუმელი ამომრჩეველი იმსახურებს იყოს ინფორმირებული კანდიდატების ხედვებზე და გადაწყვეტილება მიიღოს არა დაშინების, ღირსების შელახვის, სამსახურიდან გაშვების შიშით და ტყუილი დაპირებებით, არამედ შინაარსობრივი დებატების ფორმატში აირჩიონ სასურველი კანდიდატი", — აცხადებს ბენდელიანი.

მისივე თქმით, მზადაა ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში მიიღოს მონაწილეობა დებატებში არამხოლოდ მერობის კანდიდატთან, არამედ მოქმედ მერთან, გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან.

"ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში, მათ შორის სამთავრობო მედიაში მზად ვარ მივიღო მონაწილეობა დებატებში არა მხოლოდ მერობის კანდიდატთან, არამედ ცაგერის მოქმედ მერთან, გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, რადგან დღეს კონკურენცია არის არა კანდიდატებს შორის, არამედ ჩემსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბოსებსა და სისტემას შორის. იმედი მაქვს ისინი პატივს სცემენ საკუთარ ამომრჩევლებს და მიიღებენ ჩემს გამოწვევას", — ბესარიონ ბენდელიანი.

25 სექტემბერს, ცაგერში გახარიას პარტიის, საქართველოსთვის მერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს. როგორც ბესარიონ ბენდელიანი On.ge-სთან ამბობს, ავტომობილი სახლთან დაახლოებით 00:00 საათისთვის სახლთან გააჩერა, დილით კი დაცხრილული დახვდა. პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ქართული ოცნების ხელმძღვანელობას ეკისრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.