დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე უარყოფს, რომ პრემიერმინისტრთან და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან დაპირისპირება აქვს. მისი თქმით, არავის, მით უმეტეს, საქართველოს პოლიტიკაში წამყვან ადამიანებს არ დაუპირისპირდება.

"ამირან გამყრელიძე არავის არასდროს არ უპირისპირდება, არავის არასდროს არ უპირისპირდება. მით უმეტეს, იცით, რომ მე პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ხანია არ ვაკეთებ, მით უმეტეს, პოლიტიკურ პიროვნებებსა და ადამიანებს, ვისაც საქართველოს პოლიტიკაში ყველაზე წამყვანი ადგილი უკავიათ, მე მათ არ დავუპირისპირდები. ამიტომ, ეს თემა მოხსენით, რომ მე ვინმე ვუპირისპირდები ან ვინმე მე მიპირსიპირდება. საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის კოლეგიალური ორგანო, იმიტომ არის მულტისექტორული, რომ იქ თავისუფლად გამოთქვამს ყველა მოსაზრებას", — განაცხადა მან.

იმავეს ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც და აცხადებს, რომ მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან დაპირისპირება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ მედიაში შესაძლო დაპირისპირების მიზეზად სავალდებულო ვაქცინაცია სახელდება. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ვერ ხედავს საფუძველს, რომ ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო გახდეს. ამავე პოზიციას იზიარებს მისი მოადგილე, თამარ გაბუნიაც. მისი თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა გარკვეული მოთხოვნები, შესაძლოა, დაწესდეს. რაც შეეხება NCDC-ის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს, ის პედაგოგების სავალდებულო ვაქცინაციას მხარს უჭერს.