დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია Pfizer-ით, რასაც შემდეგ Sinopharm, Sinovac და AstraZeneca მოსდევს. მისი თქმით, დღეს საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 928 081 ადამიანი, მათგან Pfizer-ით სრულად აცრილია — 501 000.

"დღევანდელი დილის მონაცემებით 1 955 000 აცრაა ჩატარებული, სრულად აცრილია 928 081, სულ მცირე ერთი აცრა გაკეთებული აქვს 1 026 989. მოზრდილებში მინიმუმ ერთი დოზით აცრის მოცვა არის 36,1% და სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 32,5%.

ქვეყანაში ყველაზე მეტი ადმინისტრირებულია Pfizer, დაახლოებით, 1 067 000 დოზა Pfizer-ის არის ადმინისტრირებული და Pfizer-ით სრულად აცრილია 501 000 ადამიანი, შემდეგ თავისი აქტივობით მოდის Sinopharm — 592 000 დოზაა Sinopharm-ის ადმინისტრირებული ქვეყანაში და სრულად აცრილია 282 000 ადამიანი, შემდეგ Sinovac, ადმინისტრირებულია 175 000 დოზა და სრულად აცრილია 84 000 ადამიანი და შემდეგ არის AstraZeneca, ადმინისტრირებულია 121 000 და სრულად აცრილია 61 000 მოქალაქე", — განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ვაქცინაციის მხრივ კლების დინამიკა გვაქვს. კერძოდ, ჩატარდა 4 927 აცრა. ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, ყველაზე მეტი აცრა, 50,4% ჩატარებულია თბილისში, რასაც შემდეგ აჭარა და იმერეთი მოსდევს.

"თუმცა, სამიზნე პოპულაციასთან, რაც გახლავთ 60% ამ წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის, ყველაზე ახლოს არის თბილისი, უკვე სამიზნე პოპულაციის 77% აქვს გაკეთებული ორჯერადი, შემდეგ მოდის რაჭა ეჩხუმი-ქვემო სვანეთი — 69% და შემდეგ მოდის აჭარა — 62%. სამწუხაროდ, ყველაზე დაბალი მოცვი მაჩვენებელი გვაქვს ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში, ამიტომ ეს მარათონის ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება იქ", — აცხადებს ის.

26 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 953, ხოლო გარდაიცვალა — 43 ადამიანი. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 090 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით — 35 647, ხოლო PCR-ით — 12 443.