Tesla-სა და SpaceX-ის CEO, ილონ მასკი მილიარდერების ჩამონათვალში კიდევ უფრო დამაჯერებლად დაწინაურდა. მისი ქონება ახლა უკვე 252 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის Morgan Stanley-ის წინასწარმეტყველებას სულ უფრო უახლოვდება და შესაძლოა მალე პირველ ტრილიონერადაც მოგვევლინოს.

ასევე: Morgan Stanley-ის პროგნოზით, ილონ მასკი პირველი ტრილიონერი გახდება

Bloomberg-ის ცნობით, მასკის ამდენად გამდიდრება მანქანების გაქირავების გიგანტის — Hertz-ის მხრიდან 100 000 ტესლას შეკვეთას უკავშირდება. Hertz მისი მანქანების ელექტრიფიკაციას ისახავს მიზნად. ბლუმბერგის მიხედვით, ეს ყველაზე დიდი შეკვეთაა ელექტრომანქანების ისტორიაში და 4.2 მილიარდი დოლარიანი გარიგებაა. ამ შეთანხმების შემდეგ Tesla-ს აქციები 6.7 პროცენტით გაიზარდა.

თვის დასაწყისში, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა და აქამდე ამ სტატუსის მფლობელი — ჯეფ ბეზოსი უკან მოიტოვა. ახლა მისი ქონება უფრო დამაჯერებლად წინაა ბეზოსის ქონებაზე, რომელიც 193 მილიარდს შეადგენს.

მასკი მართლაც შეიძლება პირველ ტრილიონერად იქცეს, თუმცა ეს მხოლოდ Tesla-სთან ვერ იქნება დაკავშირებული. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი SpaceX გახდება, რომელიც მსოფლიოს ყველა ინდუსტრიაში, ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე კომპანიად შეიძლება იქცეს. ეს კოსმოსური კომპანია ადამიანს მთვარეზე აბრუნებს, რაც ინვესტორებისთვის ნამდვილად შთამაგონებელი ამბავია.