იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინსპექტორმა, რომან ანთიამ თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვების შესახებ ჟურნალისტებთან მან თავად განაცხადა.

"პროტესტს ვაცხადებ ლექსო რაფავას უკანონო დაკავებაზე. ლექსო ჩემი მეგობარია. პროტესტის ნიშნით მე დავტოვე ჩემი სამსახური. ვემსახურები ჩემს საქართველოს და არა რომელიმე პარტიას", — ამბობს ანთია.

რომან ანთია შსს-ს უკვე მე-6 თანამშრომელია, ვინც პროტესტის ნიშნად სამსახურიდან წავიდა. დღეს, 25 ოქტომბერს ამავე მიზეზით თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, ჯიმი გაგუამ.

მანამდე 21 ოქტომბერს სამსახურიდან წავიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რევაზ ლაზიშვილი, 22 ოქტომბერს კი, შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ჭაბუკა რაფავა. 23 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა სამეგრელოში პატრულ-ინსპექტორმა, ომარ არქანიამაც.

20 ოქტომბერს, ღამით ხობში ორი ყოფილი ძალოვნის, ლექსო რაფავასა და რუსლან შამახიას საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს. რაფავა დააკავეს, შამახიას თქმით კი, წაიღეს მის სახელზე გაფორმებული იარაღი. ენმ აცხადებს, რომ ლექსო რაფავას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტების კითხვას მომხდართან დაკავშირებით უპასუხა, რომ სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა. სხვა კომენტარს შსს ამ ეტაპზე არ აკეთებს.