იუსტიციის სახლის ცნობით, იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად, წინასწარი ჯავშანი დღეიდან, 25 ოქტომბრიდან მოიხსნა. მათივე განმარტებით, ჯავშნის მოხსნა იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდას უკავშირდება. ასევე, მოქალაქეთა მხრიდან სახელმწიფო მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნის მატებას, რის გამოც წინასწარი დაჯავშნის პირობებში, იუსტიციის სახლში ვიზიტის განსახორციელებლად, სულ მცირე, 1 კვირიანი მოლოდინი იყო საჭირო.

"რიგის მართვა ხორციელდება კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით. მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი. იუსტიციის სახლი მოქალაქეთა ნაკადის გატარებას მაქსიმალურად მოკლე დროში ახორციელებს", — ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ჯავშნის მოხსნის პირველივე დღეს, 12:30 საათისთვის, იუსტიციის სახლი 2 600-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა, რაც წინაწარი ჯავშნის პირობებში, მხოლოდ დღის 16:00 საათისთვის ხერხდებოდა.

ისინი, ასევე, აცხადებენ, რომ ყველა იუსტიციის სახლის შიდა სივრცე აღჭურვილია თანამედროვე თერმოსკრინინგის აპარატურით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებითა და დაცულია ყველა შესაბამისი რეგულაცია.