ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მტკიცებით, მეორე ტურის წინ საარჩევნო კამპანია პირველი ტურის მსგავსად, პოზიტიურია.

"ვაგრძელებ ჩემს საარჩევნო კამპანიას, პოზიტიურ კამპანიას, რომელიც ჯერ კიდევ პირველი ტურიდან მოყოლებული გვაქვს. ყოველდღიურად ვესაუბრები ამომრჩეველს, მაქვს სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ ამ ქალაქში გაგრძელდეს აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა", — ამბობს ის.

აღსანიაშვანია, რომ ორი დღით ადრე, 22 ოქტომბერს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მათ თვითმმართველობის მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში "საკმაოდ ნეგატიური" კამპანია წამოიწყეს, რათა თუ ვინმეს პოლიტიკურ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, წარსული გაახსენონ.

მანამდე, 18 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით ვიდეო გამოაქვეყნა. მათ ოფიციალურ, ვერიფიცირებულ ფეისბუქგვერდზე ატვირთულ ვიდეორგოლში გამოყენებულია ის კადრები, რომლებსაც სხვადასხვა დროს ტროლ-გვერდები ენმ-ის დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ. ქართულმა ოცნებამ ამ კლიპს დავასრულოთ ნაცები დაარქვა და #ნაცობასირხვილია დააჰეშთეგა.

ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან ერთ საათში, ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე პირდაპირ ეთერში ამომრჩევლებს უმტკიცებდა, რომ "ევროპული სტილის" კამპანია ჰქონდა. კალაძემ თქვა, რომ არჩევნებზე სიძულვილისა და აგრესიის სამიზნე იყო, როცა მისი კამპანია არ იყო მიმართული ოპონენტების "ნაკლოვანებებისა და მანკიერებების წარმოჩენისკენ". ამ სიტყვების შემდეგ კი მან თავისი ოპონენტის, ნიკა მელიას კრიტიკა დაიწყო და ნაციონალური მოძრაობის წარსულზე ისაუბრა.

კალაძემ ხაზგასმით თქვა, რომ მელიას ქვეყნისა და ქალაქისთვის "არასდროს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა". მან მმართველი გუნდის მესიჯბოქსიც გაიმეორა და ამომრჩეველს უთხრა ისიც, რომ ამ "ბნელ წარსულს" არასდროს დავუბრუნდებით.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც. კახა კალაძე ოპოზიციის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას უპირისპირდება.