ვებგვერდზე medRxiv გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში მეცნიერები გვიყვებიან პაციენტზე, რომელსაც კორონავირუსი რეკორდული დროის განმავლობაში ჰქონდა. 47 წლის ქალი, რომელიც ყოფილი ონკოლოგიური პაციენტი გახლავთ, 335 დღე იყო ინფიცირებული, რაც აქამდე დაფიქსირებული ყველაზე ხანგრძილივი პერიოდია.

ის COVID-19-ის დიაგნოზით აშშ-ის მერილენდის შტატში მდებარე ჯანდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტის კუთვნილ სამედიცინო დაწესებულებაში 2020 წლის გაზაფხულზე მოხვდა. ქალი დაავადების სიმპტომებს თითქმის 1 წელი ებრძოდა და ჟანგბადის მისაღებად სასუნთქ აპარატს საჭიროებდა.

ინფიცირებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგაც მისი ტესტის პასუხები დადებითი იყო, თუმცა ორგანიზმში ამ პათოგენის დონე მცირდებოდა. ამის მიუხედავად, 2021 წლის მარტში პაციენტის სხეულში ვირუსის კონცენტრაცია ისევ გაიზარდა. სპეციალისტთა მიერ უკანასკნელი ნიმუშის გენომის ძველთან შედარებამ აჩვენა, რომ საქმე ერთსა და იმავე ინფექციურ აგენტთან ჰქონდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი ხელახლა არ დაავადებულა, არამედ არც კი გამოჯანმრთელებულა.

აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი მის ორგანიზმში მთელი ამ ხნის განმავლობაში დარჩა, რასაც 3 წლით ადრე ლიმფომის სამკურნალოდ გამოყენებული თერაპიის შედეგად დაზიანებულმა იმუნურმა სისტემამ შეუწყო ხელი. კერძოდ, ამან B ლიმფოციტების ნაკლებობა გამოიწვია, რომლებიც ანტისხეულებს წარმოქმნიან.

მსგავსი შემთხვევების გამოკვლევა მეცნიერებს ვირუსის ევოლუციაზე მეტის გაგების საშუალებას აძლევს. მაგალითად, მათ ზემოხსენებულ ნიმუშში 2 გენეტიკურ დელეციას მიაგნეს, ანუ მუტაციას, რომლის დროსაც ქრომოსომის ნაწილი იკარგება. ერთ-ერთი მათგანი პათოგენის ზედაპირზე არსებულ წანაზარდებში, პეპლომერებში აღინიშნა, მეორე კი მათ გარეთა უბანში, რომელიც ჯერ კარგად არაა შესწავლილი.

რაც შეეხება პაციენტს, როგორც ცნობილია, ის უკვე კარგად გრძნობს თავს. აპრილიდან მოყოლებული, მას კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის რამდენიმე უარყოფითი პასუხი მოუვიდა, ანუ ის სრულად გამოჯანმრთელდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.