ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის "ერთ-ერთ რიგით აქტივისტად აქციეს". მისი თქმით, რას ამბობს ომბუდსმენი "მთავარი არ არის", რადგან კობახიძის მტკიცებით, სახალხო დამცველს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი "პოლიტიკური მიკერძოება" აქვს.

"ჩვენ თავის დროზე გვითხრეს, რომ მიზანშეწონილი იყო, ასეთი რეკომენდაცია იყო, ოპოზიციისთვის დაგვეთმო სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ნაცვლად იმისა, რომ სათანადოდ გამოეყენებინათ ეს ინსტიტუტი, მიუკერძოებელი შეფასებების გაკეთებისთვის, სახალხო დამცველი აქციეს ერთ-ერთ რიგით ნაცმოძრაობის აქტივისტად. ეს არის ძალიან ცუდი, ეს აჩვენებს იმას, რომ არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლება ნაცმოძრაობისთვის", — თქვა კობახიძემ.

თითქმის ასეთივე კომენტარი გააკეთა კობახიძემ დღეს და როგორც სახალხო დამცველს, ასევე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს "პოლიტიკურად მიკერძოებულები" უწოდა. მისი თქმით, მათ "პოლიტიკური ინტერესები" აქვთ. ამ განცხადებას გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. მისი თქმით, ომბუდსმენი ნებისმიერ თავის საქმიანობას ახორციელებს მკაცრად პროფესიულ საწყისებზე.