სურნელოვანი სანთლის მწარმოებლები თუ, უბრალოდ, არომატების მოყვარული ადამიანები მუდამ ეძებენ სიახლეებს. ამ ძიებას ხან უკანალის და ხანაც ვაგინის სუნის მქონე სანთლებამდეც კი მივყავართ, თუმცა, რა სუნი აქვს 2021 წელს? ამაზე დაფიქრების შემდეგ სანთლების მწარმოებელმა კომპანია Flaming Crap Candle Co.-მ გადაწყვიტა, რომ ახალი პროდუქტი წლის მთავარი ამბებით ყოფილიყო შთაგონებული.

ფოტო: Flaming Crap Candle Co.

ახალი სანთლის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ფიჭის მოტკბო სუნი აქვს, კალმარის თამაშის მაყურებლებისთვის ნაცნობი არომატის მქონე იქნება — სერიალის მესამე სერიაში, შეჯიბრების მონაწილეებს ორცხობილის საგანგებო ფორმაში მოჭრა მისი გატეხვის გარეშე ევალებათ. სხვათა შორის, ეს დავალება მალევე იქცა ტიკტოკის ტრენდადაც.

2021 წლის არომატის მქონე სანთლის კიდევ ერთ ნაწილს ბრიტნი სპირსის სუნამოს, Fantasy-ის, სუნი აქვს და ის ასე ამერიკელი მომღერლის მეურვეობისგან დასახსნელად შექმნილ მოძრაობას, #თავისუფლებაბრიტნის, ეხმაურება.

გარდა ამისა, კომპანიის გამოშვებული ახალი სანთელი მოიცავს ვაქცინის (რასაც უნდა ნიშნავდეს ეს) და ტიკტოკის კიდევ ერთი ტრენდის, კრემიანი კენკრის არომატებს.

ფოტო: Flaming Crap Candle Co.

აღსანიშნავია, რომ 2020-ში კომპანიამ წლის სურნელის მქონე სანთლების შესაქმნელად ბანანის პურის, ხელის სანიტაიზერის, მუშკისა და Tiger King-ის არომატები გამოიყენა.

"შარშან 2020 წლის სურნელიანი სანთლის წარმატების შემდეგ, გვინდოდა, იმ წლის არომატი შეგვექმნა, რომელიც სულ ოდნავ სჯობდა წინას", — ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი, ოლივერ ბერი, — "სანთელი წვისას ოთხ სხვადასხვა ადგილას გამოგზაურებთ, მისი სხვადასხვა ნაწილი კი შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს. პროდუქტი, რომლითაც ჩვენ 2021 წლის გამორჩეულ მომენტებს აღვნიშნავთ, გამორჩეული სადღესასწაულო საჩუქარია".

სანთლის შეძენას კომპანიის ვებგვერდზე $20,7-ად შეძლებთ.