კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, ჯიმი გაგუამ პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა. როგორც თავად ამბობს, ლექსო რაფავას დაკავება მისთვის სრულიად მიუღებელი იყო.

"ჩემი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი არის სამეგრელო-ზემო სვანეთში მომხდარი, დაკავებასთან დაკავშირებით, სადაც ჩემი მეგობარი, ლექსო რაფავა დააკავეს, რომელიც არის სპეციალური წოდებით პოლიციის მაიორი. წლების განმავლობაში ემსახურებოდა სამშობლოს, იცავდა ქვეყანას კრიმინალებისგან. [...] ჩემთვის სრულიად მიუღებელია [მისი დაკავება]. პროტესტის ნიშნად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო შსს-ს რიგები. ეს ჯაჭვი აუცილებლად გაგრძელდება. ჩემი ინფორმაციით, ძალიან ბევრი ადამიანი დატოვებს შსს-ს ორგანოებს", — თქვა გაგუამ.

ჯიმი გაგუა შსს-ს უკვე მე-5 თანამშრომელია, ვინც პროტესტის ნიშნად სამსახურიდან წავიდა. დღეს, 25 ოქტომბერს ამავე მიზეზით თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა. მანამდე 21 ოქტომბერს სამსახურიდან წავიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რევაზ ლაზიშვილი, 22 ოქტომბერს კი, შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ჭაბუკა რაფავა. 23 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა სამეგრელოში პატრულ-ინსპექტორმა, ომარ არქანიამაც.

20 ოქტომბერს, ღამით ხობში ორი ყოფილი ძალოვნის, ლექსო რაფავასა და რუსლან შომახიას საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს. რაფავა დააკავეს, შამახიას თქმით კი, წაიღეს მის სახელზე გაფორმებული იარაღი. ენმ აცხადებს, რომ ლექსო რაფავას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტების კითხვას მომხდართან დაკავშირებით უპასუხა, რომ სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა. სხვა კომენტარს შსს ამ ეტაპზე არ აკეთებს