ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ენმ-ის წევრის, დავით კირკიტაძის შტაბის თავდასხმაზე აცხადებს, რომ კირკიტაძემ ჯერ იძალადა, შემდეგ კი გაიპარა. იგივე საკითხთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ენმ-მ არჩევნების მე-2 ტურისთვის "ხულიგნების მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა".

"ნაცმოძრაობის ლიდერები თან სასტიკი მოძალადეები არიან და ამავდროულად, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, არიან ძალიან მშიშრები. გუშინაც ამის კლასიკური მაგალითი ვნახეთ. ჯერ იძალადა, შემდეგ გაიპარა. ეს გააკეთა გუშინ დავით კირკიტაძემ. რამდენიმე წამში ჩვენ ვნახეთ შეშინებული, გაქცეული და გაპარული დავით კირკიტაძე. აი, ეს არის მათი ბუნება, მათი ქცევის წესი — სადაც გასდით, ძალადობენ და როგორც კი საფრთხეს ხედავენ გარბიან", — აცხადებს მდინარაძე.

დავით კირკიტაძემ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ პარტიის ოფისის თანამშრომლებს ქართული ოცნები 20-მდე აქტივისტი თავს დაესხა. მისი თქმით, მძიმედ ორი, ხოლო, ნაკლებად მძიმედ ერთი ადამიანი დაშავდა.

პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს და ვითარების გასაცნობად ადგილზე ჩასვლას სთხოვს. გარდა ამისა, მელიას საქართველოში მყოფ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს მოუწოდებს, მომხდარზე სწორი და დროული რეაქცია ჰქონდეთ.