27 ოქტომბერს ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ აქციას გამართავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოთხშაბათს ისინი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან.

"გაცნობებთ, რომ ზეგ, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება, ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის", — განაცხადა მან.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც.