ვისაც საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე თუნდაც ზედაპირული წარმოდგენა აქვს, ალბათ, იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულია კვერნისებრთა ოჯახის ცნობილი წარმომადგენელი — წავი. თუმცა, ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ ეს ცხოველი შეიძლება ისეთ ურბანულ დასახლებაში ბინადრობდეს, როგორიც თბილისია.

მათ, ვისაც ამის შესახებ აქამდე არაფერი სმენია, განსაკუთრებით დააინტერესებს Al Jazeera-ის მიერ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მომზადებული რეპორტაჟი. თუმცა იმ მოულოდნელ სიურპრიზთან ერთად, რომ წავებს საქართველოს დედაქალაქში აღმოაჩენთ, ამავდროულად სამწუხარო ინფორმაციასაც შეეჩეხებით: ამ მტაცებელ ძუძუმწოვარს განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება და მისი რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება.

ალ ჯაზირას ჟურნალისტი ვიდეოს დასაწყისში ამბობს, რომ "თბილისში მეთევზეები თავიანთი საქმის ერთადერთი ოსტატები არ არიან" და მტკვარში თევზების დაჭერას ასევე წარმატებულად ახერხებენ წავებიც.

სამწუხაროდ, ყოველდღიურობაში ამის მოწმე მარტივად ნამდვილად ვერ გახდებით, თუმცა აი, ნიკა წიკლაურმა კი მოახერხა, რომ ეს უნიკალური კადრები აღებეჭდა.

ფოტო: Al Jazeera English / YouTube

რამდენადაც საკვირველია, რომ ეს ძუძუმწოვრები შუაგულ თბილისში დღემდე ცხოვრობენ, იმდენადვე სამწუხაროა იმ საფრთხეების გაცნობიერება, რომლებიც ამ სახეობის პოპულაციას ემუქრება.

წავები თბილისში, მტკვრის ერთ-ერთ ბუნებრივ კუნძულზე სახლობენ, სადაც სხვა ცხოველებსა და ადამიანებს ხელი მარტივად არ მიუწვდებათ. თუმცა მათ ამ ბუნებრივ საცხოვრებელს უახლოეს წარსულში გაქრობა ემუქრებოდა, რადგან მათი ჰაბიტატის სიახლოვეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები წამოიწყეს.

მართალია, ქართველმა გარემოსდამცველებმა შეძლეს, რომ იმ ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერებულიყო, თუმცა შიშობენ, რომ გარემო-პირობებმა უკვე იქონია გავლენა წავების პოპულაციაზე, სამომავლო საფრთხეები კი ჯერ კიდევ არ გამქრალა.

ფოტო: Al Jazeera English / YouTube

ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის მხარდამჭერი ფონდის, ნაკრესის ინფორმაციით, "საქართველოში წავის გავრცელების არეალი მოიცავს მდინარეების მტკვრის, არაგვის, ალაზნის, იორის, ლიახვის, რიონის, ენგურის, ბზიფის, სუფსის, კინტრიშის აუზებში, კოლხეთის დაბლობის მდინარეებზე, პალიასტომის, ბაზალეთის, ერწოს, ფარავნის, ტაბაწყურის, რიწის ტბების სანაპიროებზე. ე.ი. პრაქტიკულად ბინადრობს საქართველოს თითქმის ყველა თევზით მდიდარ მდინარეზე. წავის ისტორიული და თანამედროვე არეალი ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდა თითოეულ მდინარეზე მათი ბინადრობის ადგილები, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მისი საერთო რიცხოვნობის შემცირება".

საქართველოში გავრცელებულია წავის ქვესახეობა L.l.meridionalis, რომელიც გადაშენების პირას მყოფი სახეობაა, რის გამოც წითელ წიგნშია შესული. იმავე ნეკრესის ინფორმაციით, "წავის რიცხოვნობის შემცირების მიზეზებია სასიცოცხლო არეალის შემცირება, წყალსატევების დაბინძურება, ჩასადგმელი ბადეებით, ელექტროდენით, დინამიტით და მომწამვლელი ნივთიერებებით თევზაობა".

ჯერ კიდევ 2016 წელს National Geographic-ის ქართული გამოცემა მოუწოდებდა ყველას, რომ წავები საქართველოში თევზსაშენებისთვის საფრთხედ არ ჩაეთვალათ და მათზე, როგორც მავნებელზე, ნადირობა შეეწყვიტათ: წავები იმ თევზებს არ ჭამენ, რომელთაც ადამიანები კომერციული მიზნებისთვის იყენებენ. მათ ზიანის მოტანა თითქმის არ შეუძლიათ და მეტიც, სასარგებლოებად უფრო შეიძლება ჩაითვალონ კიდეც.

იმედია, უახლოეს მომავალში ამ მხრივ სიტუაცია გამოსწორდება და წავების პოპულაციაც გაიზრდება.

ფოტო: Al Jazeera English / YouTube