იყო და არა იყო რა, იყო წიგნების ერთი სერია, რომელიც ბავშვებს ყველაზე დიდ ჯადოსნობას, კითხვას, ასწავლიდა. სერიას სწორედაც რომ შესაფერისი სახელი ჰქონდა — "ისწავლე კითხვა" — და დაუჯერებელ ამბებს აერთიანებდა.

ეს სერია არცთუ დიდი ხნის წინ სულაკაურის გამომცემლობამ თავის პატარა მკითხველს შესთავაზა. "ისწავლე კითხვა" ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის მსოფლიოში ცნობილი და არაერთი ჯილდოს მფლობელი ნაკრებია, რომელიც კლასიკური ნაწარმოებების ადაპტირებულ ვერსიებს აერთიანებს.

ხვალინდელი სამყაროს ბედი დიდადაა დამოკიდებული დღევანდელ პატარებზე — მათზე, ვინც სწორედ ახლა სწავლობს კითხვას.

ასტრიდ ლინდგრენი

რატომ ადაპტირებულს? ჩვენი ურთიერთობა გარესამყაროსთან სიტყვებით იწყება. მარტივ სიტყვას რთული მოსდევს, მოკლე წინადადებას კი — გრძელი. მოსმენით ვსწავლობთ ლაპარაკს, შემდეგ კი კითხვით ვსწავლობთ შემოქმედებითობას, რაც ალბათ ადამიანის უდიდესი ნიჭია. სიტყვებს ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი გარდაქმნა, სწორ დროს სწორი წიგნის წაკითხვას კი — ცხოვრების შეცვლა, თუნდაც ბავშვობაში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვებმა წიგნებთან ურთიერთობა მათთვის შესაფერისი ენით დაწერილი ტექსტებით დაიწყონ.

და მაინც — რით არის გამორჩეული ეს სერია სხვა, აქამდე გამოცემული წიგნებისგან და რატომ უნდა იქცეს ის ბავშვების მეგზურად წიგნების სამყაროში?

1. სერიის წიგნები ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებს კითხვის უნარებს

სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის განკუთვნილი წიგნები საგულდაგულოდაა შედგენილი და ხუთ დონეს მოიცავს. თითოეულ დონეზე ტექსტში ასაკისთვის შესაფერისი სიტყვების რაოდენობაა გამოყენებული, მათი მოცულობა კი თანდათანობით იზრდება. რადგან სერიის უმთავრესი მიზანი კითხვის უნარების განვითარებაა, წაკითხულის გააზრებაში მოსწავლეებს თანდართული სავარჯიშოებიც დაეხმარება.

2. მოიცავს ინგლისურენოვან ტექსტებსაც

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სერიას დამატებითი დანიშნულებაც მიეცა. 10 ქართულენოვან ანალოგთან ერთად, ნაკრები 10 ინგლისურენოვან წიგნსაც მოიცავს, შესაბამისად, წარმოდგენილი ტექსტები ბავშვებს უცხოური ენის ათვისების დაწყებაშიც დაეხმარება.

3. ტექსტები საინტერესო მასალებითაა გამრავალფეროვნებული

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ინგლისურენოვან წიგნებს, რომლებიც სერიის ყველა წიგნის მსგავსად უხვადაა ილუსტრირებული, ნახატებიანი ლექსიკონი და აუდიომასალაც ერთვის. აუდიომასალა ასევე წარმოდგენილია გამომცემლობის ვებგვერდზე. ამავე გვერდზე შეხვდებით სავარჯიშოების პასუხებსაც.

4. წაკითხულის გააზრების სწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის

PISA-ის 2018 წლის კვლევის შედეგებმა აჩვენა, კითხვის უნარების განვითარების კუთხით ქართველი მოსწავლეების მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. განსაკუთრებით პრობლემურია წაკითხულის გააზრების უნარ-ჩვევა, რომელიც, ცხადია, სწავლის ადრეულ საფეხურზევე უნდა გამომუშავდეს. როგორც სულაკაურის გამომცემლობაში აცხადებენ, საქართველოში სერიის გამოცემის ერთ-ერთი მოტივატორი სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგები გახდა — ეს არის ერთგვარი პასუხი კრიტიკულად პრობლემურ საკითხზე.

5. ლექსიკური მარაგის გამდიდრება დაწყებითი საფეხურიდან იწყება

მშობლები ხშირად ჩივიან, რომ თავიანთ შვილებს გაკვეთილის, ან თუნდაც თავს გადამხდარი ამბის მოყოლა უჭირთ. ეს მოსწავლეებთან ურთიერთობისას მართლაც თვალშისაცემია. რეალურად, ბავშვების სხარტი გონება ხშირად უსწრებს მეტყველების ტემპს, თუმცა, გადმოცემის უნარის გამომუშავება ასევეა დამოკიდებული ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზეც. ამის ერთადერთი გზა კი, კვლავაც ლიტერატურაა, მით უმეტეს, ისეთი რუდუნებით შერჩეული, როგორიც ზემოხსენებული სერიის წიგნებია.

6. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობაც

ალბათ ყველა მკითხველს ახსოვს ის ბედნიერი მომენტი, როცა წიგნი დამოუკიდებლად პირველად წაიკითხა. აღარ გვიწევდა უფროსებისთვის გამუდმებული თხოვნა, რომ ჩვენთვის ამბები წაეკითხათ. დანარჩენ სარგებელთან ერთად, ამ დამოუკიდებელმა ქმედებამ თავდაჯერებულობაც შეგვმატა. სხვა თუ არაფერი, წიგნების თაროებთან უკვე ამაყად დგომა შეგვეძლო.

7. წიგნები ავითარებს წარმოსახვას

ალბერტ აინშტაინს მიაჩნდა, რომ წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანი იყო: "ლოგიკა A-დან B პუნქტამდე მიგიყვანს, წარმოსახვა კი — ყველგან". სწავლების თანამედროვე მეთოდები მოსწავლეში სწორედ შემოქმედებითი უნარების განვითარებას ემსახურება. შერეკილებმაც ხომ დაგვარწმუნა, რომ ცოტაოდენი ფანტაზიის გარეშე, მარტო მშრალი ცოდნით "ვერ გავფრინდებით". აქვე ალბათ ურიგო არ იქნებოდა, აღგვენიშნა, რომ არაფერი აფართოებს წარმოსახვის უნარს კითხვის მსგავსად; ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, კითხვაზე მეტად ჯერ ვერაფერმა მოახერხა ტვინის "იძულება", განივითაროს ფანტაზიის უნარი.

8. სერიის წიგნებით ბავშვები იგებენ, რომ სწავლა სახალისოც შეიძლება იყოს

ალბათ ბევრი და სიღრმისეული პრობლემის გამოა, რომ მოსწავლეების არცთუ მცირე ნაწილში სწავლის პროცესი უსიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება. კვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვებში მოტივაციის გაზრდისა და ნასწავლის უკეთ ათვისების უალტერნატივო გზა მათთვის პროცესის საინტერესოდ შეთავაზებაა. სერიის წიგნები, რომლებიც მრავალფეროვან მასალებსა და სავარჯიშოებს მოიცავს, პატარა მკითხველებს იმაშიც დაარწმუნებს, რომ შემეცნების პროცესი ისეთივე სახალისო შეიძლება იყოს, როგორიც თუნდაც მულტფილმის ყურებაა.

ბონუსი: წიგნები ხელმისაწვდომია

UNICEF-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები ბავშვების 44 პროცენტს სამი საბავშვო წიგნიც კი არ აქვს. ეს მიუთითებს, რამდენად ხელმიუწვდომელია შესაფერისი ლიტერატურა ქართველი მოზარდებისთვის. ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სერიის "ისწავლე კითხვა" თითოეული წიგნი მხოლოდ 4,90 ლარი ღირს.

სერიის წიგნების შესახებ მეტის შეტყობას, ასევე შესაბამისი მასალების ნახვას, სულაკაურის გამომცემლობის ვებგვერდზე შეძლებთ.