ესპანეთში მდებარე ბარსელონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად დაადგინეს, რომ კორონავირუსი, გრიპის მსგავსად, ტემპერატურასა და ტენიანობაზე დამოკიდებული სეზონური ინფექციაა. ისინი ამის შესახებ გამოცემაში Nature Computational Science გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

SARS-CoV-2-ის გამოჩენისთანავე სპეციალისტების მთავარი კითხვა გახლდათ, არის თუ არა ის წლის ნებისმიერ სეზონზე ერთნაირად გადამდები. ამ საკითხზე მეტის გასაგებად, მეცნიერებმა 5 კონტინენტზე განლაგებულ 162 ქვეყნაში კორონავირუსის გავრცელებასა და ტემპერატურას/ტენიანობას შორის არსებული კავშირი გააანალიზეს. მათ იმდროინდელ მონაცემებზე გაამახვილეს ყურადღება, როცა სახელმწიფოებში შეზღუდვები ჯერ კიდევ არ იყო შემოღებული.

კვლევამ აჩვენა, რომ ინფიცირების ხშირი შემთხვევები დაბალ ტემპერატურასა და ტენიანობას ემთხვეოდა. მათ, ასევე, სტატისტიკური მეთოდით წლის სხვადასხვა დროს ამა თუ იმ გეოგრაფიულ არეალში დაფიქსირებული მაჩვენებლებიც შეისწავლეს და ისევ იმ დასკვნამდე მივიდნენ. კლიმატსა და კორონავირუსის პირველ, მეორე და მესამე ტალღებს შორის იგივე დამოკიდებულება გამოიკვეთა ქვეყნების, რეგიონების და ქალაქების დონეზეც კი.

SARS-CoV-2-ის პირველი ტალღები ტემპერატურისა და ტენიანობის მატების პარალელურად დასრულდა, თუმცა ზაფხულში ყველაფერი შეიცვალა. მკვლევრები ამას ტურისტულ მიმოსვლებს, ახალგაზრდების მრავალრიცხოვან შეკრებებსა და სხვა მსგავს ფაქტოტებს აბრალებენ.

მათ ეს მოდელი დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროზეც გამოსცადეს, სადაც ვირუსმა ოდნავ მოგვიანებით ჩააღწია. უნდა ითქვას, რომ აქაც ზემოხსენებული ტენდენცია გამოიკვეთა. ინფექციის გავრცელებაზე კლიმატის ყველაზე თვალსაჩინიო გავლენა 12-დან 18°C-მდე ტემპერატურისა და 4-დან 12 კგ/მ3 ტენიანობის პირობებში შეიმჩნეოდა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უკანასკნელი მიგნება კორონავირუსის ახალი ტალღების წინასწარ განსაზღვრასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში დაგვეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.