კრისტენ სტიუარტი, რომელმაც უკვე 50-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა და თავი Twilight-დან (ბინდი) გაგვაცნო, საკუთარი კარიერის მიმართ საკმაოდ თვითკრიტიკულია. მსახიობი, რომელიც ახლა ოსკარის პრეტენდენტია პრინცესა დაიანას როლის შესრულებისთვის ფილმში Spencer, თავისი შემოქმედების შესახებ Sunday Times-ს ესაუბრა.

მსახიობი, რომელსაც უკვე ვუდი ალენისა და დევიდ ფინჩერის ფილმებში უთამაშია, ფიქრობს, რომ როლის შერჩევა მთლიანად გამართლებაზეა დამოკიდებული.

"ალბათ, 45-50 ფილმიდან მხოლოდ ხუთი იყო ნამდვილად კარგი, რომელშიც მონაწილეობაზე დავთანხმდი და რომელზეც ვიტყოდი, რომ მშვენიერი ხელოვნების ნიმუში შევქმენი", — ამბობს სტიუარტი.

თავის საუკეთესო ნამუშევრებად ის ოლივერ ასაიასის ფილმებს Personal Shopper-სა (პირადი მყიდველი) და Clouds of Sils Maria-ს (სილს მარიას ღრუბლები) მიიჩნევს. ამ უკანასკნელის დამსახურებით სტიუარტი ფრანგული დაჯილდოების Cesar-ის პირველი ამერიკელი გამარჯვებულიც კი გახდა.

კრისტენ სტიუარტი ფილმში Personal Shopper.

ფოტო: The Searchers

მსახიობმა არ დაასახელა, თუ რომელ ფილმებში მონაწილეობა იყო მისთვის ნაკლებად სასურველი, მაგრამ აღიარა, რომ ზოგიერთ როლზე დათანხმებას ნანობს. "ყველაზე საშინელი გრძნობაა, როცა შუა პროცესში ხარ და იცი, რომ ეს მხოლოდ ცუდი ფილმი კი არ გამოვა, არამედ ფინალში გასვლამდე ყველას ამის მოთმენა მოგვიწევს" — დასძინა მან.

სტიუარტის მონაწილეობით ახალი ფილმი Spencer (სპენსერი) კინოთეატრებში 5 ნოემბერს გამოვა და ის ოსკარზე ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლად არის ნომინირებული.