იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მოინახულა #18 დაწესებულება და ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფოს შეუძლია მოშიმშილე პაციენტის მიღება და მისი ჯანმრთელობის მართვა.

"დღეს ჩვენ მოვინახულეთ სპეციალური პენიტეციური სამსახურის #18 დაწესებულება ქალბატონ თამარ გაბუნიასთან ერთად და თამამად შეიძლება ითქვას, როგორც ექიმები გვეუბნებიან, ინფრასტრუქურა არის სრულიად მოწესრიგებული იმისთვის, რომ მიიღოს პაციენტი და მართოს მოშიმშილე პაციენტის ჯანრთელობა", — აცხადებს რატი ბრეგაძე იმედთან.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება იქნება სრულად დაცული და უწყება მაქსიმალურად ეცდება, რომ გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც აუცილებელია "როგორც ამ კონკრეტული, ისე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის".

"ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი ვერც მიხეილ სააკაშვილი", — აცხადებს რატი ბრეგაძე.

საწინააღმდეგოს ამბობს სახალხო დამცველი. ომბუდსმენმა შეისწავლა პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულების მზადყოფნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მისი რწმუნებულების დასკვნის მიხედვით, დაწესებულება სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრომ უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება მიხეილ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის მისაწოდებლად.

პარალელურად, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "პატიმარ სააკაშვილს თუ დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობა არის შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება".