ნაციონალური მოძრაობის, შემდეგ კი ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი და ამჟამად საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ბაქრაძე რუსთავის ციხეში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ბაქრაძის განცხადებით, სააკაშვილი მშვიდი და ოპტიმისტურია, თუმცა, გარეგნულად 24-დღიანი შიმშილობა ეტყობა. მისივე თქმით, ევროკავშირზე, ნატოსა და საზოგადოებრივ ერთიანობაზე საუბარი ზედმეტი იქნება, თუკი საქართველოს პრეზიდენტი ციხეში შიმშილობით დაასრულებს სიცოცხლეს.

"ძალიან მშვიდი, ძალიან ოპტიმისტური, აბსოლუტურად საღ გონებაზე და ძალიან კარგ განწყობაზე იყო, მაგრამ ფიზიკურად უკვე ეტყობა და არ შეიძლება ადამიანს არ ეტყობოდეს 24-დღიანი შიმშილბა. როგორც ექიმები ამბობენ, ყველაზე ცუდი არის ის, რომ ნებისმიერი მომენტი შეიძლება უცებ იყოს კრიზისული და კრიტიკული. ამიტომ, მთავარი პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში არის ეს, ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველო გახდეს ქვეყანა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ციხეში პოლიტიკური შიმშილობის შედეგად ფატალურად ასრულებს თავის სიცოცხლეს, რომელ ნატოზე და ევროკავშირზე ვსაუბრობთ", — ამბობს ბაქრაძე TV პირველთან.

მისივე თქმით, სააკაშვილთან შეხვედრა მან ორი მიზეზის — პოლიტიკური პასუხისგებლობისა და "სუფთა ადამიანური მომენტის" გამო გადაწყვიტა. ბაქრაძე ამბობს, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან პარტიულ თემებზე არ უსაუბრია.

"ეს არ იყო პარტიული საკითხების განსახილველი ვიზიტი ჩემგან და საერთოდ არ გვისაუბრია პარტიულ თემებზე, ბუნებრივია. ჩემი მხრიდან აქ იყო ორი ასპექტი, პირველი, სუფთა ადამიანური მომენტი, იმიტომ, რომ როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ციხეშია და შიმშილობს, ციხეშია და შიმშილობს ადამიანი, რომელიც იყო იმ გუნდის ლიდერი, სადაც მე ამდენი წლის განმავლობაში ვიყავი, თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ შევიდე და გამოვუცხადო მხარდაჭერა. იყო მეორე მომენტი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ჩემთვის ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის სწორედ მთავარი სიტყვა", — თქვა მან.

დღეს, 24 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის შემთხვევაში ხელისუფლება იმიტირებულ ბუნტსა და შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის 24 დღეა, რაც შიმშილობს.