ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხესთან შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, გამარჯვება ახლოსაა და ის მათთან ერთად იზეიმებს ამას. სააკაშვილი ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენაც მოუწოდებს.

"მინდა, ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მე აქ დავბრუნდი თქვენთან ერთად გამარჯვებისთვის და როდესაც დღეს ჩემს საპყრობილესთან თქვენს შემართებას ვხედავდი, მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი — მინდა, მალე ყველას პირადად გადაგიხადოთ მადლობა.

აუცილებელია, 30 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, გამოვხატოთ ჩვენი ნება და დავიცვათ უბნები. გამარჯვება სულ ახლოსაა, ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მჯერა, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას", — წერს სააკაშვილი Facebook გვერდზე.

რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე შეიკრიბნენ პოლიტიკოსები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები. ისინი აცხადებდნენ, რომ მხარდამჭერი შეძახილებითა და ხმამაღალი სიტყვებით გააგონებენ ხმას ციხეში მყოფ სააკაშვილს და ასე გაამხნევებენ მას.